სამგზავრო ტექნოლოგიების მომწოდებლის, კომპანია Sabre-ის კვლევაში, სახელწოდებით „ჩათი, როგორც ახალი ინფლუენსერი: საუბრებიდან კლიკებამდე“ (The Chat as the New Influencer: From Conversations to Clicks), საუბარია სამოგზაურო სერვისების ძიების, პერსონალიზებისა და დაჯავშნის მეთოდებში მოსალოდნელ რევოლუციურ ცვლილებებზე.

ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ საუბრებზე დაფუძნებული კომერცია, რომელიც აგენტურ ხელოვნურ ინტელექტს (AI) ეფუძნება, არ არის უბრალოდ დამატებითი არხი, არამედ ეს არის ახალი პარადიგმა, რომელიც მოგზაურობის გადააზრებას გამოიწვევს.

Sabre-ში მიიჩნევენ, რომ ხელოვნური ინტელექტი ინდუსტრიაში უპრეცედენტო ზრდის გზას გაუხსნის, მსგავსად იმისა, თუ როგორ მოახდინა სოციალურმა კომერციამ რევოლუცია საცალო ვაჭრობის სხვა სექტორებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

კვლევის ავტორები მოუწოდებენ ტურისტულ ბრენდებს, რითეილერებსა და მომწოდებლებს, „დაუყოვნებლივ იმოქმედონ“: დანერგონ საუბრის ინტერფეისები (conversational interfaces), შეცვალონ მერჩენდაიზინგი და ააგონ სანდო ურთიერთობები კლიენტებთან.

„საუბრებზე დაფუძნებული კომერცია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ტექნოლოგიური ტრენდი ტურიზმის ინდუსტრიაში; ეს არის ნახტომი ახალ განზომილებაში. ის წაშლის დისტანციას სურვილსა და მის რეალიზაციას შორის. საუბრები აღარ არის იაფი: ისინი ეფუძნება ხელოვნურ ინტელექტს და მოაქვს შემოსავალი“, — ამბობს Sabre-ის მარკეტინგის დირექტორი ჯენ კატტო.

Sabre-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მოგზაურობის დაჯავშნა, მარტივი ონლაინ შესყიდვისგან განსხვავებით, კომპლექსური პროცესია, რომელიც მოითხოვს ფრენების, სასტუმროების, სახმელეთო ტრანსპორტის სინქრონიზაციას საცხოვრებელი ადგილის, მოგზაურობის მიზნისა და მიწოდების მეთოდის გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურმა ქსელებმა გავლენა მოახდინეს მოგზაურობის შესახებ გადაწყვეტილებებზე, ტურიზმის ინდუსტრიამ ჯერჯერობით სრულად ვერ გამოიყენა შესაძლებლობების მთელი ჯაჭვი „ძიებიდან შეძენამდე“.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ სოციალური კომერცია შთააგონებს, ხოლო საუბრებზე დაფუძნებული კომერცია კონვერტაციას მოახდენს. აგენტური AI მიზნებს ქმედებად წამებში აქცევს.

ეს იქნება ახალი მომხმარებლის ინტერფეისი. მოგზაურობა გაიყიდება არა მხოლოდ ვებგვერდებსა და აპლიკაციებში — ის თანაშექმნილი იქნება ჩატის ფანჯრებში, ხმოვან ასისტენტებსა და ხელოვნური ინტელექტის აგენტებში.

ანალიტიკოსები დასძენენ, რომ ნდობა „ახალ ვალუტად“ იქცევა. AI-ის დანერგვის დაჩქარებასთან ერთად, „გამჭვირვალობა, მართვა და მონაცემთა მთლიანობა გამოყოფს ლიდერებს ჩამორჩენილებისგან“. გამარჯვებულები იქნებიან ისინი, ვინც დიალოგის მსვლელობისას სწრაფად, რელევანტურად და თავდაჯერებულად შეძლებენ მოგზაურთა საჭიროებების დაკმაყოფილებას.