კამბოჯაში ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ტეჩო, გაიხსნა, რომელიც ქვეყნის უდიდესი საავიაციო ინფრასტრუქტურული ობიექტია და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტია ფართობით (2,600 ჰა). პროექტის ღირებულება $2 მილიარდს შეადგენს.

აეროპორტი, რომელიც სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილას, პნომპენის სამხრეთით, 30 კილომეტრში მდებარეობს, „თანამედროვე სატრანსპორტო კერად“ მოიხსენიება, რომელიც მოგზაურობის, ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოებას შეუწყობს ხელს. გახსნა ავიაკომპანია Air Cambodia-ს პირველი რეისის ჩაფრენით აღინიშნა.

ტერმინალის პროექტი ბრიტანულმა ფირმამ Foster + Partners-მა შექმნა. მისი ბამბუკის ორნამენტით გაფორმებული გუმბათები ტრადიციულ ქსოვილებს მოგვაგონებს. ტერმინალის ცენტრში სტუმრებს ბუდას ცხრამეტრიანი ქანდაკება დახვდებათ, რომელიც მათ სიმშვიდესა და დაცვას უსურვებს. შენობა თითქმის მთლიანად ახლომდებარე მზის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ ენერგიაზე იმუშავებს.

პირველ ეტაპზე აეროპორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 13 მილიონი მგზავრი იქნება, ხოლო 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი 50 მილიონამდე გაიზრდება. ამჟამად აეროპორტი 28 ავიაკომპანიასთან თანამშრომლობს, ყველაზე პოპულარული მიმართულება კი ბანგკოკი რჩება.

პროექტი Cambodia Airport Investment Co., Ltd. (CAIC)-ის მიერ შეიქმნა, რომელიც Overseas Cambodian Investment Corporation-ის შვილობილი კომპანიაა. ამ უკანასკნელმა 10 ათასზე მეტი სახლი ააშენა და ფლობს ისეთ საჯარო ობიექტებს, როგორიცაა ხიდები, გზები და ესტაკადები. ტეჩოს საერთაშორისო აეროპორტი ჯგუფის ყველაზე ამბიციური პროექტია.