2021 წელს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოში ბაზის დაბრუნებას და საქართველოდან ფრენების განხორციელებას ისევ აქტიურად განიხილავს, თუმცა როგორც კომპანიის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო აცხადებს, ავიაკომპანიის გეგმების განხორციელება მხოლოდ მათ სურვილებზე დამოკიდებული არ არის.

რადომ “ბიზნეს ფორმულასთან” საუბრისას განმარტა, Wizz Air-ი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ინდივიდუალური ნებართვები მიიღოს, რაც ადვილი არ არის, რადგანაც “სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერც ერთი მიმართულება მოვიძიეთ, სადაც ქუთაისის აეროპორტიდან ფრენას შევძლებთ”.

„ჩვენ კვლავაც არ ვიცით ზუსტი თარიღი, თუ როდის აღვადგენთ ფრენას საქართველოდან. ეს მეტწილად დამოკიდებულია იმ ევროპულ ქვეყნებზე, სადაც Wizz Air-ი დაფრინავს.

იმაზე, თუ როდის მისცემენ ისინი მესამე ქვეყნებს ევროკავშირში მარტივად შესვლის უფლებას. თუმცა, როგორც კი ჩვენ მოთხოვნას დავინახავთ, როდესაც მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ქართველი მგზავრები ევროკავშირის მიმართულებით გადავიყვანოთ და ამასთან ევროპელი მგზავრები საქართველოს მიმართულებით, ჩვენ განვაახლებთ ოპერირებას.

რაც ვფიქრობთ, საქართველოს ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ქუთაისში ბაზის დაბრუნებაც სწორედ შეზღუდვების მოხსნასთან არის დაკავშირებული.

გვინდა, რომ 2021 წელს საქართველოდან ვიფრინოთ, დავაბრუნოთ ბაზა, დავეხმაროთ საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჩვენი კონტროლის მიღმაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ვცდილობთ ინდივიდუალური ნებართვები მივიღოთ საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის საფრენად, მაგრამ ეს ადვილი არ არის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერც ერთი მიმართულება მოვიძიეთ, სადაც ქუთაისის აეროპორტიდან ფრენას შევძლებთ. ამიტომ, ვფიქრობთ, მარტი საკმაოდ ადრეა ფრენების დასაწყებად. ახლა რთულია თარიღებით სპეკულირება. მოდით, ვიმედოვნოთ, რომ ზაფხული კარგი სიახლეების მომტანი იქნება ჩვენთვის“, – განაცხადა Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრაშ რადომ “ბიზნეს ფორმულასთან”.