ქუვეითის ავიაგადამზიდავი Jazeera Airways-ი 2025 წლისთვის თავისი ფლოტის 60 თვითმფრინავამდე ზრდას და უახლესი მოდელების 28 ერთეული Airbus-ის შეძენას აპირებს. ამის შესახებ CNBC Arabia-ს ავიაკომპანიის გამგეობის თავმჯდომარემ მარვან ბუდაიმ განუცხადა. მისი თქმით, დირექტორთა საბჭო ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროპულ კომპანია Airbus-თან.
როგორც ცნობილია კომპანიამ 3 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება უკვე გააფორმა და ფლოტი 20 A320neo და 8 A321neo თვითმფრინავით შეივსება.
ბუდაიმ აღნიშნა, რომ 2021 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 48,2%-ით გაიზარდა, რამაც კომპანიას მოგებაზე დაბრუნების საშუალება მისცა. მისივე თქმით, ასეთი მაჩვენებლების მიღწევა ხარჯების შემცირებითაც იყო შესაძლებელი.
Jazeera Airways არის პირველი არასახელმწიფო ავიაკომპანია ახლო აღმოსავლეთში. ავიაკომპანია დაარსდა 2004 წელს. ამჟამად დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ფლოტი შედგება 17 ერთეული A320-ისგან, რომელთა ნახევარი წინა თაობისაა.