აჭარის მთავრობა რეგიონში შეჩერებულ პროექტებთან მიმართებაში მიდგომებს ცვლის. დღეისათვის აჭარაში სხვადასხვა მიზეზებით, თუმცა არა ხელისუფლების ზეწოლის გამო, რამდენიმე მსხვილი შეჩერებული პროექტია, რომელთა უმეტესობა ბათუმზე მოდის.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ამ მხრივ სიახლეებს აანონსებს და განმარტავს, რომ ყველა თამაშის ერთიან წესებს უნდა დაემორჩილოს და ვალდებულებების გადავადება და ჯარიმების პატიება უწყვეტ რეჟიმში აღარ უნდა გაგრძელდეს.

“ჩვენი გუნდი ვმუშაობთ იმაზე, რომ შემუშავებული იყოს საერთო წესი, ანუ საერთო სამოქმედო ჩარჩო, რომელსაც დაექვემდებარება ყველა ე.წ. შეჩერებული პროექტი. შესაძლოა იყოს საბანკო გარანტიებზე საუბარი, ან სხვადასხვა ტიპის მოთხოვნებზე, რომელსაც ყველა ინვესტორი უნდა დაემორჩილოს.

აღნიშნული სიახლე გავრცელდება როგორც მიმდინარე ასევე სამომავლო პროექტებზე. ქალაქში მართლაც არის შეჩერებული პროექტები და ყველამ უნდა იგრძნოს, რომ სამომავლოდ ასე ვეღარ გაგრძელდება. რომ აღარ იყოს ვალდებულებების გადავადებისა და ჯარიმებისა და საურავების ჩამოწერის მოლოდინები, ყველა თამაშის ერთიან წესებს უნდა დაემორჩილოს“, აცხადებს ჯაბა ფუტკარაძე.

მინისტრი ფიქრობს, რომ ახალი მიდგომა საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას არ გააჩენს.

„ვფიქრობთ, რომ ინვესტორების ხელშეწყობისა და მათი თავისუფლად ოპერირებისათვის, შეჩერებული პროექტების ნაწილში კანონმდებლობა სრულყოფილი და გამართული გვაქვს. თუმცა არ გამოვრიცხავ, თუ საჭიროება დადგება, რომ  ამ ჩარჩოდან გამომდინარე კანონი უნდა შეიცვალოს, რომ ამ მხრივ პრობლემა შეიქმნას. დღეისათვის ამ ახალი წესის შემუშავებისთვის, საკანონმდებლო ცვლილებებს არ განვიხილავთ“, განმარტავს  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი.