2023 წელს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორმა შეძლო COVID-19 პანდემიამდე არსებულ მზარდ მაჩვენებლებს დაბრუნებოდა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენლებისთვის პროფესიული დღის მისალოც ტექსტშია აღნიშნული, 2023 წლის 9-თვიან პერიოდში საქართველოს აეროპორტების ჯამურმა მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს 9%-ით გადააჭარბა – გაიზარდა როგორც მგზავრთა, ისე ავიაკომპანიების, ფრენების და ავიამიმართულებების რაოდენობა

„დღეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეა. სამოქალაქო ავიაციის დარგში დასაქმებულ თოთოეულ ადამიანს, ჩვენს ღირსეულ და პროფესიონალ ავიასპეციალისტებს, საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების უზრუნველყოფაში ჩართული უწყებების – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საქაერონავიგაციის, აეროპორტების გაერთიანების, ავიაკომპანიების, აეროპორტების და სხვა ავიასაწარმოების წარმომადგენლებს, ვეტერანებს და მომავალ ავიატორებს ვულოცავ პროფესიულ დღეს!

სამოქალაქო ავიაცია მუდმივად არის ჩვენი მოქალაქეების სამსახურში, ამავე დროს ის ყოველთვის ემსახურებოდა და ემსახურება სახელმწიფოს და მოსახლეობის საერთო ინტერესებს.

2023 წელს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორმა შეძლო COVID-19 პანდემიამდე არსებულ მზარდ მაჩვენებლებს დავბრუნებოდით. უკვე 2023 წლის 9-თვიან პერიოდში საქართველოს აეროპორტების ჯამურმა მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს 9%-ით გადააჭარბა – გაიზარდა როგორც მგზავრთა, ისე ავიაკომპანიების, ფრენების და ავიამიმართულებების რაოდენობა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორი მეწინავეა რეგიონში ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრების უფლებების დაცვის კუთხით, რაც აღიარებულია საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების შეფასებებით. სექტორში აქტიურად მიმდინარეობს რეფორმები, რომელიც დარგში ევრორეგულაციების დანერგვისკენაა მიმართული. შედეგად, იზრდება იმ ქვეყნებისა და ქალაქების ჩამონათვალი, რომელთანაც საქართველოს პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვს. მათ შორის, გამორჩეულია ევროკავშირი, ყურის ქვეყნები, ისრაელი, აგრეთვე ე.წ. შორი მანძილის ქვეყნები, მათ შორის, ჩინეთი, ინდოეთი და სხვ.

ასევე წარმატებით ვითარდება საავიაციო სატვირთო გადაზიდვების მიმართულება. საქართველოში საჰაერო ტვირთის ტრანსპორტირების პარალელურად, ქართული სატვირთო ავიაკომპანიები აქტიურად იყენებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შუალედური პუნქტის სახით და ფრენებს ახორციელებენ როგორც ევროპული, ისე აზიური მიმართულებებით.

ამავე დროს, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჩვენ შევძლებთ მივიღოთ ყველა ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდი, როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან, დაიწყება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება-განვითარების პროექტი, რაც სრულიად ახალ ბიძგს მისცემს საავიაციო ბიზნესის, სამგზავრო, სატვირთო და ლოგისტიკური ოპერაციების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ტურიზმისა და შიდა ფრენების სტიმულირების მიზნით, თელავში დაიწყება ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა, განახლდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აშენდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც შეძლებს ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდის მომსახურებას, რაც შექმნის მეტი ავიარეისის მიღების შესაძლებლობას. ყოველივე ეს წაახალისებს სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ თბილისის აეროპორტის ბაზირების აეროპორტად გამოყენებას და შექმნის ტრანსფერულ მგზავრთნაკადს“, – აცხადებს მინისტრი.