იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები COVID-ბარათების გაცემას იწყებენ. მომხმარებელს COVID-ბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით, ყველა ფილიალში შეეძლება. COVID​-ბარათზე, პირისთვის  სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემები იქნება დატანილი, რომელიც იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმდება.

ამ დრომდე COVID-ბარათი მხოლოდ ვაქცინაციის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებში გაიცემოდა.

COVID-ბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა. დოკუმენტი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე განცხადების წარდგენისთანავე გაიცემა; მომსახურების მიღება კი, ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს COVID-დბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად აპოსტილით/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, მათ აღნიშნული სერვისის მიღება ადგილზე, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეეძლებათ.

COVID-ბარათი აქტიურად იქნება გამოყენებული უცხოეთში. ევროკავშირთან სახელმწიფო უკვე მუშაობს, რომ ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ბაზაში უახლოეს პერიოდში აისახოს, რაც მოქალაქეებს გაუმარტივებს მოგზაურობას, როგორც ბიზნესის, ისე ტურისტული კუთხით.