კომპანია Voyageur-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერის, ანა გვაზავას განცხადებით, ITB China-ში საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა ჩინეთის ბაზარზე ქვეყნის ცნობადობასა და ტურისტული ნაკადების ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
„საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ITB China-ში მონაწილეობა, მით უფრო, პარტნიორი ქვეყნის სტატუსით. ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო მეტი ტურისტი მიიღოს ჩინეთიდან. ჩინეთის ბაზარი ძალიან დიდია და ჩვენ უკვე ვხედავთ მზარდ ინტერესს. 2025 წელს საქართველომ ჩინეთიდან 128 ათასი ვიზიტორი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 40%-იანი ზრდაა. ზაფხულიდან პირდაპირი ფრენებიც დაიწყება, კვირაში სამი სიხშირით, რაც კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის ჩამოყვანის შესაძლებლობას მოგვცემს. გამოფენაზე შევძლებთ უფრო წარმატებულად ვითანამშრომლოთ ჩინეთის ბაზართან, წინასწარ გვაქვს დაგეგმილი შეხვედრები, განსაკუთრებით, MICE ტურიზმისა და ინდივიდუალური მოგზაურობის მიმართულებით.“ – განაცხადა ანა გვაზავამ.
ITB China 2026-ზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა ქვეყნის ცნობადობის ზრდასა და ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს. გამოფენის ფარგლებში გაიმართება ბიზნესშეხვედრები, ტურისტული პრეზენტაციები და ქართული კულტურისა და გასტრონომიის წარდგენა.