ბერლინში საქართველო ერთ-ერთ უდიდესი ტურისტული გამოფენის მასპინძელია. ITB Berlin 2023-ზე ქართული სტუმარმასპინძლობის, საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესახებ საზეიმო გალა გახსნა მოეწყობა. ბერლინის ტურისტული გამოფენის City Cube-ის პავილიონში 3 ათასამდე მაყურებელი ქართულ ფოლკლორს და ელექტრონულ მუსიკალურ კომპოზიციებს, ეთნო ჯაზს, საოპერო არიას და ეროვნულ ბალეტს გაეცნობა. საქართველოსთვის ტურისტული გამოფენაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს რეჟისორი და კომპოზიტორი ნიკა მაჩაიძე.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს წარდგენა და ევროპისკენ ნაბიჯის გადადგმა. ამ ღონისძიებისთვის დასაწყისში მოვამზადე პირველი მუსიკალური ნაწარმოები, რითაც იწყება და შემდეგ იქნება სუხიშვილებისთვის ჯუთას ქავერ ვერსია“,-ამბობს ნიკა მაჩაიძე.
ITB Berlin 2023-ზე საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.
2019 წელს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენას 181 ქვეყნიდან 160 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. გამოფენას საერთაშორისო მედიის 5 ათასამდე წარმომადგენელი აშუქებდა.