ისრაელის ავიაკომპანია Arkia საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს და მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ეილათი – ბათუმი – ეილათის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. რეისები ეილათსა და ბათუმს შორის 7 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს განხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი დადებითად აფასებს ამ გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ისრაელიდან ახალი მიმართულების დამატება ხელს შეუწყობს ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების ზრდას, განსაკუთრებით, მიმდინარე ზაფხულის სეზონზე.
„ისრაელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, რომელიც მზარდია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რათა მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ისრაელიდან,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა უკვე მიანიჭა.