ისრაელ-საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების აღდგენის საკითხში დიდი პროგრესია მიღწეულია. აღნიშნული შესახებ განცხადებას საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი აკეთებს

“ძალიან წარმატებული და პროდუქტიული შეხვედრა შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილთან და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მარიამ ქვირიშვილთან. ტურისტული კავშირებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში დიდი პროგრესია მიღწეული”, წერ ელჩი Facebook-ის პირად გვერდზე. 

ელჩის  Facebook-ს გამოეხმაურა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც, რომელმაც განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე და ტურიზმის “გახსნაზე” მხარეები ინტენსიურად მუშაობენ.

“კიდევ ერთი ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ისრაელის ელჩთან საქართველოში. წინ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მივდივართ იმისთვის, რომ დროულად შედგეს პირველი ავია მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის და ჩვენი ტურიზმის კერძო სექტორი დაუბრუნდეს ჩვეულ ბიზნეს საქმიანობას ისრაელში მათ პარტნიორებთან ერთად”, განაცხადა Facebook-ის პირად გვერდზე მარიამ ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე კვირის წინ ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ საქართველო იმ 8 ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებთანაც ისრაელის მთავრობა მოგზაურობისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს.

„ისრაელის ყველაზე მაღალრეიტინგულმა ტელევიზიამ ახლა დაასახელა ქვეყნები, რომლებზეც ისრაელის მთავრობა მოგზაურობისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს. სულ 8 ქვეყანაა. საქართველოს ამ სიაში ყოფნა, უდაოდ, ჩვენი ეპიდემიოლოგების, ექიმების, მთავრობის და ყველაზე მთავარი – ჩვენი საზოგადოების მაღალი თვითშეგნების დამსახურებაა! ასე გავაგრძელოთ ერთობით და ერთსულოვნებით და სხვა ბევრ კარგ შედეგს მივაღწევთ ჩვენი ქვეყნისთვის“, – წერს ლაშა ჟვანია.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ისრაელ საქართველოს შორის ოპერირებას 3 ისრაელური და 2 ქართული ავიკომპანია ახდენდა: Arkia, Israir Airlines-ი, El Al, Georgian Airways-ი, და Myway Airlines-ი.