ისრაელ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლებაზე მუშაობა დაწყებულია. ამის შესახებ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა განაცხადა.
“საქართველოსა და ისრაელის მთავრობები მუშაობენ იმისათვის, რათა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები და ტურიზმი განახლდეს”, – დაწერა ელჩმა სოციალურ ქსელ Facebook-ში.
ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლის გახსნა 1-ელი ივლისიდან იგეგმება. გაწერილი გეგმის თანახმად, ავიამომოსვლის აღდგენა მოხდება ეტაპობრივად. თუმცა მანამდე საავიაციო ხელისუფლებას და აეროპორტებს გარკვეული სამუშაოების წარმოება მოუწევთ. უფრო კონკრეტულად კი საჭირო და აუცილებელია უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა, როგორც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში, ისე აეროპორტებში.
უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან ოპერირების განახლებაზე და ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე. ასევე დაგეგმილია ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობაში საქართველოს ინტეგრირება და ამ ფონზე საერთაშორისო მარკეტინგული კამპანია “საქართველო – უსაფრთხო დანიშნულების ადგილი” – წარმოება.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში ეპიდვითარების გათვალისწინებით, საქართველომ რეგულარულ ფრენებზე დაშვება უკვე მესამედ, 23 მაისამდე გადაავადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი განახლებული NOTAM-ის გამოცემა, მას შემდეგ დასჭირდა რაც საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ 20 მარტს გადაწყვეტილებები მიიღო და 21 მარტიდან, სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა და დაანონსა იმ მხოლოდ ავიარეისების განხორციელდება რომლებსაც, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, Georgian Airways-ი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით განახორციელებს.