20 ივნისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება. გადაწყვეტილება, ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო.
რაც შეეხება ავიაციას ავიაკომპანიების უმეტესობისთვის პირბადის სავალდებულო გამოყენება შიდა რეგულაციას წარმოადგენდა და მათი მხრიდან ამ რეგულაციების კორექტირება არ მომხდარა.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პირბადის სავალდებულო გამოყენების გაუქმებაზე გადაწყვეტილებას თავად ავიაკომპანიები იღებენ.
Qatar Airways-სა და Wizz Air-ში კი განმარტავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 20 ივნისიდან საქართველო ტრანსპორტში პირბადის სავალდებულო ტარების რეგულაციას აუქმებს, მათ ბორტებზე პირბადის მოთხოვნა ისევ ძალაში რჩება.
სამაგიეროდ პირბადის მოთხოვნა სავალდებულო აღარაა Armenia Airways-ს, FLYONE-ს, Air Cairo-ს, Zagros Airlines-ის ბორტებზე.
აღსანიშნავია, რომ მაისში Turkish Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Twitter-ის მიკრობლოგში დაწერა, რომ შიდა ფრენებზე პირბადის მოთხოვნა მოიხსნა, ხოლო საერთაშორისო ფრენებზე დაცული იქნება იმ ქვეყნის წესები, სადაც რეისი სრულდება. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ 20 ივნისიდან ავიაკომპანიის რეისებზე საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით პირბადის მოთხოვნა იმპერატიული აღარ იქნება.
ზოგადად კი მგზავრებმა, გამგზავრებამდე უნდა გაარკვიონ იმ ავიაკომპანიის თუ ქვეყნის შიდა რეგულაციები, სადაც გეგმავენ გამგზავრებას, რათა შემდგომ გარკვეულ პრობლემებს არ წააწყდნენ. მსოფლიო COVID-რეგულაციების შემსუბუქების გზით მიდის, თუმცა არის ქვეყნები, სადაც რეგულაციების უმეტესობა ისევ მოქმედია.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო EASA-მ და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრმა ECDC 16 მაისიდან აეროპორტებსა და თვითმფრინავებში სამედიცინო პირბადის სავალდებულო ტარების ვალდებულება გააუქმა.
EASA-ში განმარტავენ, რომ პირბადის ტარების სავალდებულოობა ავიაკომპანიის გადაწყვეტილების მიხედვით იცვლება. მგზავრებს ასევე მოუწოდებენ დაიცვან დისტანცია დახურულ სივრცეებში, მათ შორის აეროპორტში, სადაც კი ეს შესაძლებელია.