საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე აზერბაიჯანსა და საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. კაირატ ოსმონალიევთან შეხვედრაზე საუბარი ყირგიზეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო დაწყებას შეეხო. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ქუთაისსა და ბიშკეკს შორის შესაძლო საჰაერო მიმოსვლის დაწყება.
,,ცენტრალური აზიის ქვეყნებთან პირდაპირი საჰაერო კავშირებით ქონა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ყირგიზეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ხელშეწყობა ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მგზავრთნაკადის ზრდის გამო, ქუთასის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანიებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ელჩს დავპირდით, რომ მოვძებნით შესაძლებლობების გზებს როგორც ქართულ, ისე ყირგიზულ ავიაკომპანიებს შორის რათა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის კუთხით შედგეს,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ამ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები არ სრულდება. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ყირგიზეთიდან 3,432 ვიზიტორი ეწვია. 2022 წელს კი 14,218 ვიზიტორი, რაც 7 %-ით არის გაზრდილი 2019 წელთან შედარებით. ყირგიზეთის ელჩთან აეროპორტების გაერთიანების სათაო ოფისში გამართულ შეხვედრას საქართველოში ყირგიზეთის საპატიო კონსული არჩილ მაზიაშვილი და აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნეს განვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი ესწრებოდნენ.