თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia განცხადებას ავრცელებს. კომპანია სიყალბეს უწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს თბილისის აეროპორტის დაკარგული და მოუკითხავი ბარგის განყოფილებაში მოხვედრილი ნივთები იყიდება.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც სოციალურ ქსელში სხვადასხვა ყალბი გვერდის მეშვეობით ვრცელდება, თითქოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დაკარგული და მოუკითხავი ბარგის განყოფილებაში (Lost & Found) მოხვედრილი ნივთები იყიდება.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს სრულ სიყალბეს, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
კომპანიამ დეზინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად და ყალბი გვერდების დასაბლოკად სათანადო რეაგირება უკვე მოახდინა” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.