საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მოსარგებლეების გარდა, ვაქცინაცია დამატებით გავრცელდება შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარებზე:
საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი (რომელთა ლეგალურად ყოფნა დასტურდება, შესაბამისი ვიზის, ბინადრობის ნებართვით ან უვიზო რეჟიმის ხანგრძლივობით), რომელიც იმყოფება საქართველოში და მისი შემოსვლიდან გასულია მინიმუმ 3 თვე (პერიოდულად საქართველოს ტერიტორიის მოკლევადიანი დატოვების შესაძლებლობის გათვალისწინებით);
სახელმწიფო პროგრამის ,,იმუშავე საქართველოდან” მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები, ასევე, საქართველოში დროებით დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები, დარგობრივი სახელმწიფო უწყების ოფიციალური შუამდგომლობის საფუძველზე;
საქართველოში განათლების მიღების მიზნით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (რომლებმაც ვერ მოახერხეს ქვეყნის დატოვება), შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე;
საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები;
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი მოსახლეობა, მოქალაქეობის მიუხედავად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მომუშავე პირები და მათი ოჯახის წევრები;
პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად;
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის № 164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ოჯახის წევრს (შვილი, მშობელი, მეუღლე) წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე.
ვაქცინაციისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ან მოქალაქეობის არმქონე პირებმა უნდა მიაკითხონ ქვემოთ ჩამოთვლილ დაწესებულებებს (თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში) და უნდა წარადგინონ რომელიმე კატეგორიასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ვაქცინაცია განხორციელდება შემდეგ დაწესებულებებში:
თბილისი
შ.პ.ს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (თბილისი, ვაჟა ფშაველას 29);
ბათუმი
შ.პ.ს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო (Batumi Republican Hospital) (ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ.2);
ქუთაისი
შ.პ.ს ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრი (ქუთაისი, ტოლბუხინის ქ. 16)