აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის მარტივი საკომუნიკაციო ინგლისური ენის შემსწავლელი ვიდეოგაკვეთილი დაამზადა. ვიდეორგოლში კარგადაა გადმოცემული ყველა ის აუცილებელი, მარტივი საკომუნიკაციო ტერმინები და ფრაზები, რაც მასპინძელს ტურისტის მისაღებად, გასამასპინძლებლად, მისთვის ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების შესათავაზებლად სჭირდება. ვიდეოგაკვეთილი საშუალებას მისცემს ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს თავისუფალ დროს, დამოუკიდებლად განამტკიცონ ცოდნა, ტერმინები და ფრაზები, რაც ტურისტებთან ურთიერთობისთვისაა აუცილებელი.
“ჩვენი ტრენინგებისა და პროექტების მთავარი მიზანი რეგიონში სერვისის ამაღლებაა. ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ბოლო ორ წელში რეგიონში 1500-ზე მეტი გიდი, საოჯახო-სასტუმრო სახლისა და ტურისტული ობიექტის წარმომადგენელი გადავამზადეთ. რაც შეეხება მარტივი საკომუნიკაციო ინგლისური ენის შემსწავლელ ტრენინგ-კურსსა და ვიდეოგაკვეთილს, ის მიმართულია მთიანაჭარაში ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულ პირებში ინგლისური ენის კომპეტენციის ამაღლებისა და ტურისტებთან კომუნიკაციის გამარტივებისკენ. აჭარის მთიანეთში მოგზაურთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რასაც ჩვენი საოჯახო-სასტუმრო სახლები და ტურისტული ობიექტები მომზადებული უნდა დახვდნენ იქნება ეს საკომუნიკაციო ენების ცოდნა თუ ზოგადი სერვისი, რაც საბოლოო ჯამში ტურისტების კმაყოფილების დონეზე აისახება. ჩვენ კი გვჭირდება, რაც შეიძლება მეტი კმაყოფილი ტურისტი, რომელიც საკუთარ ქვეყენაში აჭარის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.
ინგლისური ენის შემსწავლელი ვიდეორგოლი უკვე გადაეცა კურორტ გოდერძისა და სოფელ სახალვაშოში მდებარე საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს, რომლებმაც მარტივი საკომუნიკაციო ინგლისური ენის შემსწავლელი სემინარ-კურსი გაიარეს. ვიდეორგოლი ეტაპოპრივად სხვა ტურისტულ მარშრუტებზე არსებული საოჯახო-სასტუმროს სახლების მეპატრონეებსაც დაურიგდება.