მუმბაი, ინდოეთი — ინდოეთში ოფიციალურად გაიხსნა „ნავი მუმბაის“ საერთაშორისო აეროპორტი, რომლის ღირებულებამაც $2 მილიარდი დოლარი შეადგინა. პირველი კომერციული რეისების გაშვება აქ დეკემბერშია დაგეგმილი. ახალ საჰაერო ჰაბს წელიწადში 20 მილიონი მგზავრის მომსახურების შესაძლებლობა ექნება.
აეროპორტის გახსნის ცერემონია ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ჩაატარა, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ 2014 წელს ინდოეთში 74 აეროპორტი იყო, დღეს მათი რიცხვი 160-საღემატება.
ახალი საჰაერო ნავსადგური აშენდა იმ მიზნით, რომ შემცირდეს დატვირთვა ჩატრაპატი შივაჯი მაჰარაჯის საერთაშორისო აეროპორტზე, რომელიც ინდოეთის მეორე ყველაზე დატვირთული ჰაბია. აღნიშნულმა აეროპორტმა 2024 წელს 54.8 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით 6.3%-ით მეტია.
პროექტი განხორციელდა საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში Adani Airports Holdings-სა და მაჰარაშტრას შტატის მთავრობას შორის. „Adani“-მ 1 მილიარდი დოლარი მოიზიდა ჩატრაპატი შივაჯის აეროპორტის მოდერნიზაციისთვის. მგზავრთა ნაწილის ახალ ჰაბზე გადანაცვლება კი მის განახლებას შეუწყობს ხელს. ორივე აეროპორტი „სინქრონულად“ იმუშავებს.
„ნავი მუმბაის“ აეროპორტი ამ ეტაპზე ერთი ასაფრენ-დასაფრენი ზოლით და ერთი ტერმინალით იხსნება, თუმცა დროთა განმავლობაში ის გაფართოვდება ოთხ ასაფრენ-დასაფრენ ზოლამდე და რამდენიმე ტერმინალამდე.
„Adani“ და ინდოეთის მთავრობა ელოდებიან, რომ საბოლოოდ აეროპორტი წელიწადში 90 მილიონ მგზავრს მოემსახურება. აეროპორტი 1,2 ათასი ჰექტარი ფართობის ტერიტორიას იკავებს.
ავიაკომპანია IndiGo გახდება „ნავი მუმბაის“ პირველი გადამზიდავი და 15-ზე მეტ შიდა მიმართულებას მოემსახურება.












