ინდოეთის ხელისუფლება Air India-ს ყიდის. ეროვნულ ავიაკომპანიას ინდოეთის მთავრობა დიდი საპრივატიზაციო ტალღის ფარგლებში “იცილებს”. ავიაკომპანიის 100%-იანი წილის შეძენის მსურველებმა შესაბამისი ინტერესი ოფიციალურად 17 მარტამდე უნდა დააფიქსირონ. 

იმავდროულად, სახელმწიფომ ავიაკომპანიას ვალის მოცულობა, რომლის გადახდაც მის ახალ მყიდველს მოუწევს შეუმცირა და მას 333 მლრდ რუპიას ნაცვლად 232 მლრდ რუპიას გადახდა მოუწევს. 

ავიაკომპანიის ახალი მეპატრონის საკუთრება გახდება ასევე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air India Express Ltd-ის 100%-ი და Air India SATS Airport Services Pvt. Ltd-ის 50%-ი.

ინდოეთის მთავრობას Air India-ს გასხვისება ადრეც უნდოდა, მაგრამ მაშინ ინვესტორების მხრიდან სათანადო დაინტერესება არ დაფიქსირებულა.

2018 წელს ინდოეთმა ავიაკომპანიის გასხვისება გაურკვეველი ვადით გადადო, რადგანაც ავიაგადამზიდავის ვალის დაფარვა არავინ არ ისურვა. 

​ავიაკომპანია Air India 1932 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც რეისებს ინდოეთის 56 ქალაქის და 42 საერთაშორისო მიმართულებაზე ასრულებს. 2019 წლის 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით Air India-ს ავიაპარკი 146 საჰაერო ხომალდს აერთიანებდა.