ინდოეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანა განახორციელებს დაახლოებით 980 მილიარდი რუპიის (10,8 მილიარდი ევრო) ინვესტიციას აეროპორტების განახლებისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ფრენებზე მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ავიაკომპანიები ასობით ახალ თვითმფრინავს უკვეთავენ, რაც სავარაუდოდ არსებულ ინფრასტრუქტურაზე ზეწოლას გაზრდის.

მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი საავიაციო ბაზარი ცდილობს 2025 წლისთვის აეროპორტის ტერმინალების რაოდენობა ამჟამინდელი 148-დან 220-მდე გაზარდოს. ამ მიზნის მისაღწევად, კერძო დეველოპერები განახორციელებენ დაახლოებით 8,3 მილიარდ ევროს ინვესტიციას, დანარჩენ თანხებს კი ინდოეთის აეროპორტების ადმინისტრაცია (Airports Authority of India) უზრუნველყოფს. საუბარია ახალ ტერმინალებზე და არსებული ობიექტების რეკონსტრუქციაზე, მათ შორის ყოფილ სამხედრო აეროდრომებზე.

დღეისათვის 1,42 მილიარდი მოსახლეობით მთელი ქვეყნის საჰაერო ფლოტს მხოლოდ 700 თვითმფრინავი ჰყავს.

დარგში ინვესტიციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს ინდოეთის სწრაფი ეკონომიკური ზრდის ფონზე. Boeing-ის პროგნოზით, 2022 წლიდან 2041 წლამდე რესპუბლიკაში სამგზავრო მიმოსვლა ყოველწლიურად თითქმის 7%-ით გაიზრდება.

ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ მას სურს ინდოეთი გადააქციოს მსოფლიო დონის ცენტრად, ასევე ტურისტებისა და ბიზნესის ჰაბად. ხოლო საჰაერო კომუნიკაცია ქვეყნის შიგნით მცირე ქალაქებს შორის მისი განვითარების პროგრამის ნაწილია.

„ჩვენ ახლა ვფიქრობთ, როგორ გადავაქციოთ დელის აეროპორტი ჰაბად და ამ თხოვნით, ჩვენ მივმართეთ ექსპერტებს”- თქვა ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა ჯიტირადიტია შინდიამ.