ინდური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია IndiGo, საქართველოში ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს და თბილისის მიმართულებით ფრენებს ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქიდან – მუმბაიდან შეასრულებს.
მუმბაი – თბილისი – მუმბაის საჰაერო ხაზზე ფრენების დაწყება მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან იგეგმება. რეგულარული ავიარეისები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია IndiGo-ს ახალი მიმართულებებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის ივნისში მიანიჭა.
IndiGo საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2023 წელს შემოვიდა. ავიაკომპანია ფრენებს დელი – თბილისი – დელის საჰაერო ხაზზე ასრულებს და გასულ წელს ამავე მიმართულებით 75 034 მგზავრს მოემსახურა.












