კიდევ ერთი წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკება, წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, 16 აგვისტოდან ნიუ დელი – თბილისი – ნიუ დელის მიმართულებაზე ყოველდღიური ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ მიმართულებაზე კი ინდური ავიაკომპანია IndiGo ოპერირებს.
„კერძო სექტორის აქტივობის, ასევე ინდოეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, ვაწარმოეთ ინტენსიური მოლაპარაკებები ინდოეთის ავიაკომპანიასთან სიხშირეების ზრდის შესახებ.
ავიაკომპანიის მხრიდან სიხშირეების ზრდის გადაწყვეტილება იმის ნათელი დემონსტრირებაა, რომ საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოსა და მისი ტურისტული შესაძლებლობების მიმართ ინტერესი მზარდია.
ეს გადაწყვეტილება, განსაკუთრებით ხელს შეუწყობს ინდოეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდასა და საქმიანი ტურიზმის მიმართულების გაძლიერებას“, წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
აზიის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo საქართველოში რეგულარული პირდაპირი ავიარეისების რაოდენობას ზრდის. 16 აგვისტოდან ავიაკომპანია ნიუ დელი – თბილისი – ნიუ დელის საჰაერო ხაზზე რეისებს კვირაში სამი სიხშირის ნაცვლად, ყოველდღიურად შეასრულებს.
IndiGo-თან საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მოლაპარაკებებს საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყების მიზნით, 5 წელზე მეტი აწარმოებდა. ავიაკომპანიამ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 2023 წლის აგვისტოში დაიწყო.
IndiGo 2023 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობითა და ავიაფლოტის სიდიდით IndiGo აზიაში პირველ ადგილზეა. ავიაკომპანია მსოფლიოს 600-ზე მეტი მიმართულებით დღეში საშუალოდ 1900-მდე ფრენას ასრულებს. ავიაკომპანია ამ ეტაპზე, 324 ავიახომალდს ფლობს.