ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია IndiGo Airlines-ი, რომელმაც საქართველოს მიმართულებით  ფრენების დაწყება გასულ წელს გააჟღერა, ევროპაში ფრენებს აჩერებს. როგორც The Economic Times-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, ფრენები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში არ განხორციელდება და ეს ვადა შესაძლოა ერთი წელიც კი გახანგრძლივდეს.

წყარო ამბობს, რომ ამას არ უწოდებდა ფრენების გაუქმებას: „გეგმები შესაძლოა გადაიხედოს.“

ავიაკომპანია ლონდონის გატვიკის აეროპორტთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა ფრენების დასაწყებად კომპანიამ ვერ მოიპოვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი მარეგულირებელი ნებართვა.

კომპანიას 2018/2019 წლის ზამთრისთვის დამტკიცებული სიხშირის ვადა 2019 წლის მაისში ეწურება.

IndiGo Airlines-მა ევროპის მიმართულებით ფრენების მოსაპოვებლად განაცხადი 2018 წელს გააკეთა. ამ პერიოდისთვის განიხილებოდა A330neo-ს აღჭურვილობის შეკვეთაც, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე მდგომარეობის გაუარესების გამო, გაფართოების გეგმა გადაიდო.

IndiGo Airlines- ი კვირაში 752 საერთაშორისო ფრენას ახორციელებს.

შეგახსნებთ, რომ ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია ინდოეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყებას, რამდენიმე თვის წინ გაცხადებული გეგმის მიხედვით, 2019 წლის თებერვლიდან გეგმავს.
დელი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას ავიაკომპანია ყოველდღიურად, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით აპირებს.
საქართველოს საავიაციო ბაზრით ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპაია 2018 წლის ზაფხულში დაინტერესდა. ქართულ მხარესთან შეხვედრები აგვისტოში ტავ ჰოლდინგის ორგანიზებით გაიმართა.
ავიაკომპანია Indigo 2006 წელს დაფუძნდა. Indigo-ს, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით ბაზრის 43.2% უკავია. კომპანიის ავიაპარკი 195 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება. დღეისათვის ინდიგო ფრენებს 59 მიმართულებით ახორციელებს, აქედან 48 ადგილობრივი, 11 კი საერთაშორისოა.