კაპადოკია ცენტრალურ ანატოლიაში მდებარეობს. იგი მთელს მსოფლიოში ცნობილია თავისი ზღაპრული ბუნებით, ვულკანური წარმოშობის, კოშკის ფორმის კლდეებით, გორემეს ეროვნული პარკით, კლდეში ნაკვეთი ქალაქებით და ძვ. წ. I ათასწლეულში დაარსებული მიწისქვეშა ქალაქებით. შემოდგომაზე ის განსაკუთრებით ლამაზია, რადგან ამ დროს ოქროს ფერებშია ირგვლივ ყველაფერი. გირჩევდით მოინახულოთ კაბადოკია, მანამ სანამ ნოემბერი დასრულდება, რადგან ამ თვის შემდეგ ძირითად შემთხვევაში ძლიერი ქარი და წვიმები შეგაწუხებთ.

კლდეში ნაკვეთი სასტუმროები

გაინტერესებთ როგორ ცხოვრობდნენ კაბადოკიაში ათასწლეულების მანძილზე? ბევრი კლდეში ნაკვეთი სასტუმრო გთავაზობთ ამ ტიპის გამოცდილებას. ამ სასტუმროებს უნიკალური არქიტექტურა და დიზაინი გააჩნია. მიუხედავად სიძველისა, დღეს ეს პატარა, ბუტიკ სასტუმროები ვიზიტორებს სრულ კომფორტს და ფუფუნებას სთავაზობენ, მათ შორის თურქულ აბანოებს, სწრაფ ინტერნეტს, თანამედროვე აბაზანებს, კლდეში გამოკვეთილ თაღებს, პანორამულ ტერასებს და ადგილობრივი სამზარეულოს გასაოცარ დელიკატესებს.

მიწისქვეშა ქალაქები

ასევე კაბადოკიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა არის მისი მიწისქვეშა ქალაქები, არა ერთი ან ორი, არამედ 36! თავდაპირველად ისინი საცხოვრებელი მიზნით შეიქმნა, მოგვიანებით კი რომაელი ჯარისკაცების მიერ დევნილი ქრისტიანების თავშესაფრად იქცა. კაბადოკიის ყველაზე დიდი მიწისქვეშა ქალაქია კაუმაკლი, ის 8 სართულისგან შედგება, ტურისტებისთვის კი მხოლოდ 4 სართულია ღია. ეს ქალაქი ნამდვილი არქიტექტურული შედევრია ღვინის მარნებით, სათავსოებით, სავენტილაციო სისტემით, საძინებელი ოთახებით და ეკლესიითაც კი. აღსანიშნავია გორემი, რომელიც ბიზანტიის იმპერიის ეპოქაში დიდი სამონასტრო კომპლექსი იყო და აქ ოდითგანვე ბერები მოღვაწეობდნენ. მე-17 საუკუნეში ის პილიგრიმულ ადგილად იქცა, დღეს კი როგორც ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმი, ისე ფუნქციონირებს. აქ შეგიძლიათ იხილოთ ულამაზესი კლდეში ნაკვეთი ეკლესიები, რომლებიც მე-9 საკუნითაც კი თარიღდება.

“ზღაპრული ბუხრები”

პირველი, რაც კი შეიძლება გაგვახსენდეს კაბადოკიის ნახვისას, არის “ზღაპრული ბუხრები”. ეს არის უძველესი კლდოვანი წარმონაქმნები, რომლებიც კაბადოკიის სიმბოლოს წარმოადგენს. მისი საუკეთესო ნიმუშებია ფაშაბაღში, სადაც ზღაპრული სურათი დაგხვდებათ. სწორედ მათ სანახავად მშვენიერი შსაძლებლობაა საჰაერო ბუშტები, სადაც ყოფნა და გაშლილი ხედის ყურება უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ადგილობრივი სამზარეულო

კაპადოკიაში გელით ახალი, სეზონური პროდუქტებით სავსე მეზეს პორციები; უგემრიელესი ქაბაბი (უფრო გემრიელი ვიდრე დონერის ქაბაბი, რომელიც შეგიძლიათ იპოვოთ ადგილობრივ გარე სივრცეებში), შაურმები, ჩაშუშული და მრავალი სხვა. აღსანიშნავია, რომ აქ ნებისმიერი კერძი არის რეგიონის ნაყოფიერი ბოსტნეულითა და ხილით მზადდება. ასევე უნდა ვთქვათ გარგარის ჩაშუშული, კურკუმას ბრინჯის პუდინგი და სხვ. კაბადოკიას ასევე აქვს მეღვინეობის მრავალწლიანი გამოცდილებაც, ამიტომ გირჩევთ, დააგემოვნოთ ადგილობრივი ენდემური ყურძნისგან დამზადებული ღვინოები და დატკბეთ აქ არსებული საოცრებებით.

საჰაერო ბუშტები

საჰაერო ბურთით გასეირნება ძალიან პოპულარული აქტივობაა კაპადოკიაში, რაც საშუალებას მოგცემთ დაათვალიეროთ რეგიონის ულამაზესი ადგილები დიდი სიმაღლიდან. სეზონი აპრილში იხსნება და ნოემბრის ბოლომდე გასტანს, რადგანაც, დეკემბრისა და მარტის შუალედში ქარები, ნისლი და თოვლი იცის. საჰაერო ბუშტების ფესტივალი კი ივლისში ტარდება. ამ დროს აქ ყოფნა განსაკუთრებით საინტერესო და ცოტათი ამაღელვებელია.