Check – in Travel-ის გენერალური დირექტორი ია გედევანიშვილი ფიქრობს, რომ საერთაშორისო მოგზაურობიდან ის მაღალი მაჩვენებლები, რაც უკვე ოფიციალურად დასახელდა, დიდი შრომის და იმ გამოფენებში მონაწილეობის შედეგია, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ჩართულობით ტურისტულმა ბიზნესმა მიიღო მონაწილეობა.

„წელმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. აბსოლუტურად არ ვუჩივით სეზონს. თუმცა ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ. ძალიან ბევრი გამოფენა მოვიარეთ, რამაც განაპირობა შემოსული თანხების ზრდა, არამხოლოდ ქვეყანაში ასევე ჩვენს კომპანიაშიც.

წელს, მარტო ჩვენმა კომპანიამ, შემოიყვანა 33 ჩარტერი, რამაც სერიოზული თანხები შემოიტანა საქართველოში. იმისათვის, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო კარგი იყოს უკვე ინტენსიურად ვმუშაობთ. ვთვლი, რომ კარგი შედეგი გამოფენებმა და ამ გამოფენებში მონაწილეობამ მოიტანა“, – ამბობს  ია გედევანიშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლის I-III კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან)  მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3,251,651,900 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს  +25.9% ით აღემატება (+668,812,328 აშშ დოლარი). 2022 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია   +734,468,385 (+29.2%) აშშ დოლარით.

2023 წლის III კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 1,447,121,966 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +28.4% ზრდაა, 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +72,468,664 (+5.3%) აშშ დოლარით.