HUB Georgia ავიაკომპანია Myway Airlines-ის მიერ სპეციალური ჩარტერული რეისების შესრულების დაწყებას მიესალმება და აცხადებს, რომ მთავრობამ მათი რეკომენდაციის გაითვალისწინა. არასამთავრობო ორგანიზაციაში იმედი აქვთ, რომ Myway Airlines-ს თანაბარ კონკურენტულ პირობებში მიეცემა შესაძლებლობა, რომ სპეციალური ჩარტერული რეისები განახორციელოს.
“საქართველოს მთავრობის მიერ მოხდა ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება, გუშინ, 1-ელ მაისს ავიაკომპანია Myway Airlines-ის მიერ შესრულებული სპეცრეისით ავსტრიიდან სამშობლოში საქართველოს 110 მოქალაქე დაბრუნდა!
იმედს ვიტოვებთ, რომ ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და ავიაკომპანია MyWay Airlines-ს თანაბარ კონკურენტულ პირობებში მიეცემა შესაძლებლობა შეასრულოს სპეციალური ჩარტერული რეისები და ამით ხელი შეუწყოს საქართველოში ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების პროცესს”, აცხადებენ HUB Georgia-ში.
როგორც ცნობილია, არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia-ს წარმომადგენლებმა, 15 აპრილს მიმართეს რეკომენდაციით საქართველოს მთავრობას. რეკომენდაცია ეხებოდა დამატებითი სპეციალური რეისების დანიშვნის აუცილებლობას და ამ პროცესში ეროვნული ავიაკომპანიებისთვის თანაბარი პირობებით მონაწილეობის უზრუნველყოფას.
„როცა მთავრობის მხრიდან საუბარია ანტიკრიზისულ გეგმაზე და კერძო სექტორის მხარდაჭერაზე, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ყველაზე დიდი ზიანი სწორედ ავიაციის სექტორს მიადგა. თუ დღეს სახელმწიფოს აქვს რესურსი, სპეციალური რეისების დაკვეთით შექმნას შესაძლებლობა ავიაციის სექტორისთვის, რათა ავიაკომპანიებმა შეძლონ კრიზისული მდგომარეობის გადალახვა და ბაზარზე თავიანთი ადგილის შენარჩუნება. საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანაში ორი მოქმედი სამგზავრო ავიაკომპანია ფუნქციონირებს და შესაძლებლობებიც პროპორციულად უნდა გადანაწილდეს, საუბარია „MyWay Airlines“-სა და „Georgian Airways“-ზე.“, აღნიშნული იყო HUB Georgia-ს მიერ 15 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.