საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ Eurowings-ის მენეჯმენტთან გამართული მორიგი მოლაპარაკებები შედეგს მალე მოიტანს და ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე გაზრდის, როგორც სიხშირეების ასევე ავიამიმართულებების რაოდენობას.
“გერმანიის მიმართულებები ტრადიციულად არის ძალიან პოპულარული საქართველოს ავიაბაზარზე. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები სრულდება ბერლინისა და მიუნხენის მიმართულებით, ხოლო დღეიდან Eurowings-მა პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულდება დიუსელდორფის მიმართულებით დაიწყო. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი Wizz Air-ი ასრულებს რეისებს დორტმუნდში, ასევე 11 ივლისიდან ფრენების შესრულებას მემინგენის მიმართულებით იწყებს, რომელსაც ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული თვითმფრინავით განახორციელებს. დღეს Eurowings-ის მენეჯმენტთან გამართული მოლაპარაკებები იმედი მაქვს, რომ მოიტანს უფრო უკეთეს თანამშრომლობას და გაიზრდება საქართველოში სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა”, აცხადებს თამარ არჩუაძე.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სათაო ოფისში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის ხელმძღვანელობით ავიაკომპანია Eurowings-ის მენეჯმენტთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე, აღმასრულებელი მენეჯერი ანა ჩიქოვანი, საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი, EUROWINGS-ის ავიამიმართულებებისა და აეროპორტებთან ურთიერთობის უფროსი მენეჯერი ივან ორეკი, ასევე ავიაკომპანიის ბიზნესგანვითარების მენეჯერი არნოლდ ბორია ესწრებოდნენ.
გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დღეიდან დაიწყო. ავიაკომპანია დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე დღეიდან კვირაში ორი სიხშირით, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით მოახდენს ოპერირებას.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით მოლაპარაკებებს 2017 წლიდან აქტიურად აწარმოებდა.