საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Flyadeal-მა დაიწყო. გვიან ღამით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დედაქალაქ რიადიდან და ჯედადან საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანიამ პირველი პირდაპირი რეისები Airbus A320neo ტიპის სრულიად ახალი საჰაერო ხომალდებით შეასრულა. პირველ საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ტავ ჯორჯიას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და ავიაკომპანია Flyadeal-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების რამდენიმე თვიანი პროცესი აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა.
“გვაქვს საკმაოდ დადებითი ტურისტული მოლოდინები. ჩვენს ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოვიდა. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ერდროულად საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან კვირაში 9 სიხშირით შეასრულებს. მოხარულები ვართ, რომ პირველსავე რეისზე ხომალდი სრულად იყო ჩამომფრენი მგზავრებით დატვირთული. საქართველოს ცნობადობა საკმაოდ მაღალია საუდის არაბეთში და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანას საუდის არაბეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტები შეემატება. იმედი გვაქვს, რომ მალე Flyadeal საქართველოს სხვა აეროპორტებშიც იფრენს,-“აცხადებს თამარ არჩუაძე.
ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს ერთდროულად საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან ასრულებს, 4 ივლისიდან რიადს და ჯედას ქალაქი დამამიც დაემატება. საუდის არაბეთის დაბალბუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal-ის მფლობელი ავიაკომპანია Saudia-ა. ავიაკომპანიამ ოპერირება 2017 წელს შიდა რეისებით დაიწყო და შემდეგ ფრენის არეალი მეზობელ ქვეყნებში გააფართოვა.
მთავარი ავიაკომპანიები იმედი გვაქვს, რომ მალე Flyadeal საქართველოს სხვა აეროპორტებშიც იფრენს – თამარ არჩუაძე