ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი “დღის კურიერში” სტუმრობისას აცხადებს, რომ ფრენების აღდგენასთან დაკვშირებით სხვადასხვა ქვეყნებთან აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
“მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში არის ისეთ ქვეყნებთან როგორიცაა ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი და სხვა ქვეყნები, რომლებსაც ისტორიულად და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჰქონდათ ძალიან დიდი ღირებულება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტირიაში და იყო მზარდი. მაგრამ აქ ყველაზე მთავარი ინდიკატორი არის მათი ძალიან კარგი და პოზიტიური ეპიდვითარება. ევროკავშირის ნაწილში, რაც შეეხება ამ კონკრეტულ ქვეყნებს, გამოცხადებული გვაქვს ამ ქვეყნებისაგან საჯაროდ და ასევე არასაჯაროდ ინფორმაცია, რომ როგორც კი გაიხსნება მესამე ქვეყნებთან ტურისტული ნაკადების მიმოსვლა, საქართველო იქნება იმ ერთ-ერთ პირველ ქვეყნებს შორის. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირმა უნდა გამოაცხადოს რეკომენდაცია და მიიღოს გადაწყვეტილება მიმდინარე თვის ბოლომდე, ანუ ივნისის თვის ბოლომდე, თუ როგორ მოხდება მესამე ქვეყნებთან მოგზაურობა და საჰაერო მიმოსვლის დაშვება ყველა ევროკავშირის ქვეყნისთვის. შესაბამისად, ყველა სხვა არაევროკავშირის ქვეყანა. დღევანდელი დღის მონაცემებით, ველოდებით ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ის სამუშაო, რომელიც ჩვენ გავწიეთ მოლაპარაკებების ფარგლებში, გვაყენებს კიდევ უფრო მეტად უპირატეს მდგომარეობაში, რადგან ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნებისგან გამოხატულია ინტერესი საქართველოსთან თანამშრომლობის, ყველა ის ქვეყანა, რომელთანაც იქნება უსაფრთხო დერეფნების შეთანხმება მიღწეული, იმ ქვეყნის მოგზაურებს არ შეეხებათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი ” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
წყარო: რუსთავი 2