იმ ხუთი ქვეყნიდან შემოსული ტურისტებიდან, რომელსაც საქართველომ საზღვარი გაუხსნა, წლის ბოლომდე ქვეყანამ შესაძლოა $87.5 მლნ-ის შემოსავალი მიიღოს, მიიჩნევს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი ვახტანგ ჭარაია.
“2019 წლის მონაცემებს, რომ დავეყრდნოთ აგვისტოდან დეკემბრამდე საქართველოში, საფრანგეთიდან (14,573), გერმანიიდან (45,251), ლიეტუვიდან (10,653), ლატვიიდან (9,694) და ესტონეთიდან (7,317), სულ – 87,488 ვიზიტორი გვეწვია.
თუ ამ რიცხვებს უცვლელად დავტოვებთ (ოპტიმისტურია მაგრამ მაინც) და გავითვალისწინებთ მათ დანახარჯებს საშუალოდ 1000 აშშ დოლარის ოდენობით (ესეც ოპტიმისტურია მაგრამ მაინც), მივიღებთ რომ წლის ბოლომდე ამ ქვეყნებიდან საქართველომ შემოსავლის სახით შეიძლება გამოიმუშაოს 87.5 მილიონი აშშ დოლარი, აგვისტო-ოქტომბერში საშუალოდ 25-25 მილიონი, დანარჩენ თვეებში კი დაახლოებით 6-6 მილიონი.
უფრო შორს რომ წავიწიოთ, 2019 წელს ბოლო 5 თვეში საქართველომ მიიღო დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი, რომელთან შედარებითაც ამჟამინდელი მოსალოდნელი შემოსავალი ($87.5 მილიონი) – დაახლოებით 6%-ს შეადგენს.
ცუდი არ არის, მაგრამ:
– სრული გახსნის/დატვირთვის გარეშე, ეს 6% ვერ გადაარჩენს ვერც სასტუმროებს და ვერც ამ ინდუსტრიაში მოღვაწე სხვა მოთამაშეებს.
– ამ 6 პროცენტს მნიშვნელოვანია შეეხიდოს ადგილობრივი ტურიზმიც, თანაც ფასები ამისთვის უკვე შედარებით ხელშემწყობია. სასურველია ქართველმა ვიზიტორებმა წელს პარიზს და ნიცას, ბათუმი, ბორჯომი, მესტია და შოვი ამჯობინონ.
– ბიზნეს და სახელმწიფოს დიდად კოორდინირებული მუშაობა მართებთ, მნიშვნელოვანი თანმდევი გამოწვევების გასანეიტრალებლად.
– მეზობელ ქვეყნებთან (როცა ამისი საშუალება იქნება) საზღვრების გახსნის გარეშე ტურიზმის ძველი რეჟიმით ამოქმედება წარმოუდგენელია, ამიტომ ამ მიმართულებით სცენარების განხილვაც უკვე წინმსწრებად დასაწყებია”, წერს Facebook-ის პირად გვერდზე ვახტანგ ჭარაია.