წლის ბოლომდე ახლად დაფუძნებული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ევროპის მიმართულებით გეგმავს ფრენების დაწყებას. Myway Airlines-ის კომერციული დირექტორი იგორ აფციაური ამბობს, რომ საწყის ეტაპზე ავიაკომპანია ხუთი ევროპული მიმართულებით გეგმავს ოპერირებას.
– ბატონო იგორ ამ დროისათვის რა მოცულობის ინვესტიცია აქვს ავიაკომპანიას განხორციელებული და რა მოცულობის ინვესტიციის ჩადებას გეგმავთ 2020 წლის ბოლომდე?
– ის ორი ბორტი, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს და ჩვენი საკუთრებაა, მასში 50 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. დღეისათვის Myway Airlines-ში 120 ადამიანია დასაქმებული და ეს ციფრი წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაიზრდება, მით უმეტეს, რომ 2019 წელს კიდევ ორი ბორტის დამატებას ვაპირებთ. 5 წლის განმავლობაში ყოველ წელს ავიაპარკს მინიმუმ 2 ბორტით შევავსებთ. ჩვენი განვითარების 3 ეტაპიანი გეგმის მესამე ეტაპისთვის გვინდა გვყავდეს 10 საჰაერო ხომალდი, თუმცა მეათე ბორტი აუცილებლად იქნება Boeing 777.
Boeing 777-ით ფრენების დაწყება ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მომენტია, რადგანაც დღემდე საქართველოდან, ან საქართველოს მიმართულებით ასეთი ბორტით რეგულარული რეისი არავის განუხორციელებია. ასე რომ, Myway Airlines-ს დიდი და ამბიციური გეგმები აქვს. ამ დროისათვის ავიაკომპანია სამ რეგულარულ რეისს ახორციელებს – თბილისი-ხარკოვი-თბილისი, ბათუმი-ხარკოვი-ბათუმი და თბილისი-თელ ავივი-თბილისი. სასიხარულოა, რომ რამდენიმე კვირის უკან ევროპაში ფრენების განხორციელებისთვის შესაბამისი ლიცენზია მივიღეთ.
– გაქვთ მოლაპარაკებები, რომელიმე კონკრეტულ ბაზართან ან თუ გაქვთ უკვე შესწავლილი, რომელი ევროპული მიმართულებები იქნება ავიაკომპანიისათვის ფინანსურად მომგებიანი?
– არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, თუმცა უკვე ჩამოყალიბებულნი ვართ და მოლაპარაკებებიც დაწყებულია. გამორიცხული არ არის, რომ წელს 5 ევროპული მიმართულება დავამატოთ. განვიხილავთ ასევე ორი არაევროპული მიმართულების დამატებასაც. ვფიქრობთ, წელს Myway Airlines-ი 10 მიმართულებით განახორციელებს ფრენას. ახალი მარშრუტის არჩევისას ყველაფერს ვითვალისწინებთ ესაა კონკურენცია, მოთხოვნა, ჩვენი შესაძლებლობები და სხვა. ამ ფონზე ჩვენ შევარჩიეთ ევროპული ხუთი მიმართულება და ოპერირებას სექტემბრის შუა რიცხვებიდან დავიწყებთ. წელს გეგმაშია ერთი ჩინური მიმართულება და იმედი გვაქვს, რუსეთის მიმართულებით ფრენების განხორციელების შესაძლებლობაც მოგვეცემა.
– რაც შეეხება აშშ-ს მიმართულებით დაანონსებულ ფრენებს?
– იმისათვის,რომ აშშ-სა და ზოგიერთი სხვა მიმართულებით დავიწყოთ ფრენები ამისათვის Boeing 777-ია საჭირო. Boeing-ის გარდა აშშ-ს მიმართულებით ფრენების დასაწყებად შესაბამისი ამერიკული ლიცენზიაა საჭირო, რასაც 2 წელი დასჭირდება.