ტაილანდის სამოქალაქო ავიაციის ორგანომ (CAAT) ფრენის უსაფრთხოების აუდიტში საუკეთესო შედეგი აჩვენა. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ ჩატარებული საყოველთაო აუდიტის (Universal Safety Oversight Audit Programme) ფარგლებში, ტაილანდმა 91.35%დაიმსახურა, რითაც მნიშვნელოვნად გადააჭარბა საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს, რომელიც 70.5%-ს შეადგენს.
ICAO-ს ექსპერტები, 27 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე მიმდინარე შემოწმების დროს, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების კონტროლის რვა კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროს აანალიზებდნენ. აღნიშნული შეფასება ხაზს უსვამს ტაილანდის სწრაფ ზრდას, როგორც მსოფლიო დონის საავიაციო ჰაბის.
რვა კატეგორიიდან, ტაილანდმა უმაღლესი შეფასება მიიღო საავიაციო კანონმდებლობისა და სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის კუთხით, რაც 20-30%-ით აღემატება საერთაშორისო სტანდარტებს ამ სფეროებში. CAAT ასევე პასუხისმგებელია საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციაზე, ფრენისუნარიანობაზე, პერსონალის ლიცენზირებაზე, სანავიგაციო მომსახურებასა და აეროდრომებზე.
ICAO-ს შეფასების პროცესი მსოფლიოში მკაცრად და უნიფიცირებულად მიიჩნევა. CAAT-ის თითოეულმა ერთეულმა უნდა აჩვენოს არა მხოლოდ წესების არსებობა, არამედ მათი ეფექტური დაცვაც.
ეს მიღწევა ქვეყნისთვის რადიკალურ შემობრუნებას ნიშნავს, რადგან 2015 წელს ICAO-მ ტაილანდს ფრენის უსაფრთხოების ზედამხედველობასთან დაკავშირებული სერიოზული შეშფოთების გამო „წითელი დროშა“ ჰქონდა გამოუცხადებული.
ტაილანდის სამოქალაქო ავიაციის ორგანო ამ წარმატებაში უმნიშვნელოვანეს როლს უთმობს მრავალრიცხოვან პარტნიორებს, მათ შორის: ტაილანდის აეროპორტებს, აეროპორტების დეპარტამენტს, ტაილანდის საავიაციო რადიო-სამსახურს, ავიაკომპანიებსა და სასწავლო ცენტრებს.
„ეს იყო გუნდური მუშაობა. ყველა მონაწილე იმსახურებს ქებას იმისთვის, რომ ტაილანდი ფრენის უსაფრთხოების სფეროში ლიდერი გახდა“, – განაცხადეს უწყებაში.
ICAO საბოლოო რეიტინგს საკუთარ ვებგვერდზე 2026 წლის თებერვალში, 90-დღიანი შემოწმების პროცესის დასრულების შემდეგ, გამოაქვეყნებს.












