ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს ერთობლივ კონფერენციაზე (Joint ICAO EUR/NAT DGCA and EASA Conference) კრიზისულ ვითარებებში კოორდინაციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე იმსჯელეს.
ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე, რომელიც ამავე დროს არის ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრის (EURNAT-DGCA) თავმჯდომარის მოადგილე.
კონფერენციის ფარგლებში, მხარეებმა სამოქალაქო ავიაციის სფეროზე წარსული და მიმდინარე კრიზისების გავლენა, საგანგებო სიტუაციების ეროვნული და რეგიონული გეგმები და მომავალი კრიზისების მიმართ საჰაერო ტრანსპორტის მდგრადობისთვის აუცილებელი ღონისძიებები განიხილეს. ავიაციის სფეროში, COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაზე საუბრისას, ხაზი გაესვა სწრაფი აღდგენის ხელშეწყობის მნიშვნელობას და ისეთ რეგიონალურ მექანიზმებს როგორიცაა: ევროკავშირის COVID სერთიფიკატი, ევროკავშირის უსაფრთხოების პროტოკოლები, ICAO-ს რეგიონთაშორის თანამშრომლობა და სხვა.
ICAO-ს რეგიონალური ოფისის მხრიდან, შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა სააგენტოს საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ინგა ჟღენტი, რომელიც ICAO-ს რეგიონალურ ოფისში მიწვეულია კონსულტანტად, საავიაციო უშიშროებისა და ფორმალობების გამარტივების საკითხებში. გამოსვლა ეხებოდა ჩიკაგოს კონვენციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებებსა და მე-9 დანართის სტანდარტებს, რომელთა თანახმად, სახელმწიფოები ვალდებულები არიან შეიმუშაონ ფორმალობების გამარტივების სახელმწიფო/ეროვნული პროგრამები და შექმნან ფორმალობების გამარტივების ეროვნული და სააეროპორტო კომიტეტები.
კრიზისებზე მზადყოფნისა და რეაგირების მექანიზმებზე მსჯელობის და მიღებული გამოცდილების შედეგად, კონფერენცია შეთანხმდა შემდეგ ნაბიჯებზე: სამომავლო კრიზისების მართვის გასაადვილებლად და იზოლირებული ქმედებების თავიდან ასაცილებლად, ICAO-ს სახელმწიფოებს შორის კოორდინაცია გაძლიერდება CAPSCA-ს, VACP-ის, კრიზისების საკოორდინაციო ჯგუფების და სხვა არსებული მექანიზმების გამოყენებით; საგანგებო-საკოორდინაციო რეგიონალური გეგმების და მზადყოფნის სავარჯიშოების შემუშავება მოხდება ინოვაციური ტექნოლოგიების მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით; გაძლიერდება ფორმალობების გამარტივების ეროვნული კომიტეტების როლი, როგორც კოორდინაციის ეფექტურ მექანიზმი, პანდემიით გამოწვეული კრიზისული ვითარების მართვისას.
ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს ერთობლივ კონფერენციას 40 სახელმწიფოს და 7 საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.