ICAO-ს ევროპის რეგიონის საავიაციო უსაფრთხოების ექსპერტთა ჯგუფში (IE-REST) წელს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) წარმომადგენლები მიიწვიეს. ICAO-ს მომართვის საფუძველზე, სააგენტოს ფრენის პროცედურების დიზაინის და კარტოგრაფიის ინსპექტორს, ხათუნა აბაშიძეს ამ მიმართულების ინსპექტორებისთვის სასწავლო პროგრამის შემუშავება ეთხოვა.
სააგენტოს სპეციალისტების მიერ შედგენილი ტრეინინგ პროგრამის წარდგენა ევროპის რეგიონის სახელმწიფოებისთვის IE-REST სამუშაო შეხვედრაზე, მიმდინარე წლის სექტემბერში შედგა. პროგრამაში გაწერილია სწავლების ყველა ეტაპი. სააგენტოს შესაბამისი ინსპექტორის მიერ შემუშავდა აგერთვე დამხმარე სახელმძღვანელო მასალები. ექსპერტული განხილვის და დამოწმების შემდგომ, მასალები აისახება ICAO-ს დოკუმენტებში და წევრ სახელმწიფოებს, საშუალება ექნებათ იხელმძღვანელონ აღნიშნული პროგრამით.
ფრენის პროცედურების დიზაინი საჰაერო ხომალდის ფრენის წინასწარ დადგენილ მანევრირებას, აფრენის, დაფრენის, მეორე წრეზე წასვლის სქემას და ტრაექტორია მოიცავს, კარტოგრაფია კი – საავიაციო რუკებს. როგორც ფრენის პროცედურების, ასევე აეროდრომის და საჰაერო მარშრუტების შესახებ ფრენის პროცედურები და რუკები კოდირებული სახით წინასწარ იტვირთება საჰაერო ხომალდის ფრენის მართვის სისტემაში, რისი საშუალებითაც ხორციელდება საჰაერო ხომალდის ფრენა დაგეგმილი მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ფრენის პროცედურების დიზაინის და კარტოგრაფიის მიმართულების სპეციალისტები დეფიციტურია რეგიონში და მათი მომზადება-გადამზადება დიდ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ინსპექტორისათვის აუცილებელი ცოდნის მიღებაში სააგენტოს საფრანგეთთან გაფორმებული ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა დაეხმარა. შესაბამისი სწავლება ხათუნა აბაშიძემ საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის ეროვნულ სასწავლებელში (ENAC) გაიარა. ICAO-ს „No Country Left Behind” ინიციატივის ფარგლებში, PANS-OPS სპეციალისტების მომზადებაში ავსტრიის საავიაციო ხელისუფლებაც მონაწილეობდა. საქართველომ კი, ამავე ინიციატივის ფარგლებში, კონსულტაციები აზერბაიჯანის საავიაციო ხელისუფლებას გაუწია.