სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) გადაწყვეტილებით, 27 მარტიდან ძალაში შევიდა ახალი რეგულაციები, რომლებიც ფრენის დროს პორტატული დამტენების, იგივე „პაუერბანკების“ გამოყენებას კრძალავს. აღნიშნული შეზღუდვა განპირობებულია ლითიუმ-იონური ბატარეების სპონტანური აალების მაღალი რისკით, რამაც შესაძლოა საჰაერო ხომალდზე საგანგებო მდგომარეობა შექმნას. ახალი წესების თანახმად, მგზავრებს ეკრძალებათ როგორც მოწყობილობების დატენვა პორტატული დამტენებიდან, ისე თავად „პაუერბანკების“ მიერთება თვითმფრინავის შიდა კვების ქსელთან; მთელი ფრენის განმავლობაში აღნიშნული მოწყობილობები გამორთულ მდგომარეობაში უნდა იყოს.

უსაფრთხოების განახლებული სტანდარტები ასევე აკონკრეტებს პორტატული დამტენების ტრანსპორტირების წესებსაც. კერძოდ, მათი მოთავსება დასაშვებია მხოლოდ ხელბარგში და კატეგორიულად იკრძალება მათი ჩაბარება რეგისტრირებულ ბარგში. თითოეულ მგზავრზე ლიმიტი ორ ერთეულს შეადგენს, ხოლო მათი შენახვა სალონში ისეთ ხელმისაწვდომ ადგილზეა რეკომენდებული, რომ შესაძლო გაუმართაობის ან დაკვამლიანების შემთხვევაში, მგზავრმა თუ ეკიპაჟის წევრებმა რეაგირება დროულად შეძლონ. აღნიშნული ზომები მიზნად ისახავს ფრენის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას და ბატარეების გადახურებით გამოწვეული ინციდენტების პრევენციას.