სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) უარი თქვა საერთაშორისო ავიახაზების პილოტებისთვის დასაშვები ასაკის ზღვრის 67 წლამდე გაზრდის წინადადებაზე, რომელიც საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მიერ იყო ინიცირებული.

ეს საკითხი განხილული იყო ICAO-ს გენერალური ასამბლეის 42-ე სესიაზე, რომელსაც ორგანიზაციის 192 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ICAO-მ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება „გააგრძელოს ობიექტურ მონაცემებზედაფუძნებული განხილვა პილოტების სამუშაო ასაკის შეზღუდვასთან დაკავშირებით, რითაც ადასტურებს, რომ ლიმიტის 67 წლამდე გაზრდის ნებისმიერ გადაწყვეტილებაში იხელმძღვანელებს მხოლოდ ყოვლისმომცველი მონაცემების ანალიზითა და უსაფრთხოების მოსაზრებებით“.

ეს განცხადება დადებითად შეაფასა აშშ-ის უმსხვილესმა საავიაციო პროფკავშირმა ALPA-მ, რომელიც 49 ამერიკული და კანადური ავიაკომპანიის 80 ათასზე მეტი პილოტის უფლებებს წარმოადგენს.

ასამბლეის წინ IATA-მ გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც მხარს უჭერდა ასაკობრივი ზღვრის 65-დან 67 წლამდე გაზრდას. IATA-მ განმარტა, რომ ამ პოზიციას შეუძლია „პილოტის კარიერის ვადა გაზარდოს ფრენის უსაფრთხოების დონის შენარჩუნებით“.

ასოციაცია ICAO-ს წევრებს სთხოვდა, დაემტკიცებინათ ლიმიტის 67 წლამდე გაზრდა შემდეგი პირობების დაცვით:

ეკიპაჟში მინიმუმ ერთი პილოტი უნდა იყოს 65 წელზე უმცროსი.

უნდა დაინერგოს გაძლიერებული და უფრო სტანდარტიზებული სამედიცინო ზედამხედველობა (რეგულარული სამედიცინო შემოწმება ყოველ ექვს თვეში).

უნდა შემუშავდეს სამედიცინო რისკების შეფასების სისტემა და სტანდარტიზებული სამედიცინო მონიტორინგი, საერთო ბაზის გამოყენებით, რათა თანმიმდევრულად მოხდეს ასაკთან დაკავშირებული რისკების მონიტორინგი ყველა რეგიონში.

მიუხედავად IATA-ს მოწოდებისა, რომელიც მიზნად ისახავდა პილოტების დეფიციტის ფონზე მათი გამოცდილების შენარჩუნებას, ICAO-მ უსაფრთხოების სრულყოფილი ანალიზის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება და წინადადება უარყო.