ესპანურმა ეროვნულმა გადამზიდავმა Iberia-მ და თურქულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა ახალი „ზიარი კოდის“  (Codeshare) ხელშეკრულება გააფორმეს. ეს სტრატეგიული ნაბიჯი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კავშირს თურქეთს, ესპანეთსა და ლათინურ ამერიკას შორის, რაც ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ორივე ავიაკომპანიის მომხმარებლებს.

შეთანხმება საშუალებას აძლევს ავიაკომპანიებს, გაყიდონ ბილეთები ერთმანეთის რეისებზე, რაც მგზავრებისთვის ნიშნავს გამარტივებულ დაჯავშნას, კოორდინირებულ განრიგს და მრავალ ქვეყანაში მოგზაურობის შესაძლებლობას ერთი ბილეთის ფარგლებში.

Iberia-ს კომერციული დირექტორის, მარია ხესუს ლოპეს სოლასის, თქმით, ეს ნაბიჯი აძლიერებს ავიაკომპანიის ვალდებულებას, შესთავაზოს კლიენტებს უკეთესი სამგზავრო ვარიანტები, რაც ესპანეთსა და ლათინურ ამერიკას თურქეთთან აკავშირებს.

კოდშერინგის წყალობით, Iberia მნიშვნელოვნად ზრდის თავის წვდომას თურქეთში.

პირდაპირი კავშირი: მგზავრებს უკვე შეუძლიათ მადრიდიდან სტამბოლის სავიჰა გიოქჩენის აეროპორტში (Sabiha Gökçen Airport) პირდაპირი ფრენის დაჯავშნა. რეისს Pegasus Airlines ასრულებს, მაგრამ Iberia-ს ფრენის კოდით იყიდება.

შიდა მიმართულებები: სტამბოლის გარდა, Iberia-ს მგზავრებს შეეძლებათ კიდევ შვიდ საკვანძო თურქულ ქალაქთან უწყვეტი კავშირით სარგებლობა: იზმირი, კაისერი/კაპადოკია, ანკარა, ანტალია, დალამანი, ბოდრუმი და ადანა.

Pegasus Airlines-ის მომხმარებლები იძენენ წვდომას Iberia-ს ფართო ქსელზე, განსაკუთრებით ესპანეთში, პორტუგალიაში და ლათინურ ამერიკაშიც კი.

ესპანეთი და პორტუგალია: მადრიდის გავლით Pegasus-ის მგზავრებს ახლა უკვე თერთმეტ ესპანურ ქალაქში შეუძლიათ ფრენა, მათ შორის კუნძულებზე: პალმა დე მალიორკა, გრან-კანარია, იბიცა, ლანსაროტე, ფუერტევენტურა და ტენერიფე ჩრდილოეთი, ასევე კონტინენტურ ქალაქებში: ლა-კორუნია, ასტურიასი, ვიგო, მალაგა და სევილია. ამას ემატება ლისაბონი პორტუგალიაში.

ბრაზილია: Pegasus-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გაფართოებაა სან-პაულოს(ბრაზილია) მიმართულებით, რაც თურქული გადამზიდველისთვის ლათინური ამერიკის ბაზარზე შესვლის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

Pegasus Airlines-ის გაყიდვებისა და ქსელის დაგეგმვის ჯგუფის დირექტორის, ემრე პეკესენის,განცხადებით, ეს შეთანხმება მნიშვნელოვნად აძლიერებს მათ კავშირებს თურქეთის, ესპანეთის, პორტუგალიისა და ლათინური ამერიკის მასშტაბით.

მგზავრების კომფორტისთვის, დაჯავშნის სისტემები ავტომატურად ითვალისწინებს ტრანსფერის დროს მადრიდ-ბარახასის აეროპორტში Iberia-ს ტერმინალ 4-სა და Pegasus-ის ტერმინალ 1-სშორის. ტერმინალებს შორის მგზავრების გადასაყვანად უზრუნველყოფილია უფასო შატლისმომსახურებაც.

ეს სტრატეგიული ალიანსი ხაზს უსვამს ავიაციის ინდუსტრიის განვითარების ტენდენციას, სადაც პარტნიორობა გადამწყვეტია გლობალური ზრდისა და მომხმარებლის კმაყოფილებისთვის.