საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) საავიაციო ენერგეტიკის ფორუმი ბაქოში 2025 წლის 13-15 მაისს, აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) მხარდაჭერით გაიმართება.
საავიაციო ენერგეტიკის ფორუმი (Aviation Energy Forum – AEF) მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა, რომელიც საავიაციო ინდუსტრიაში ენერგეტიკისა და მდგრადობის საკითხებს ეძღვნება. ღონისძიება კავკასიაში პირველად გაიმართება და გახდება პლატფორმა ავიაციის ინდუსტრიის ძირითადი საკითხების განსახილველად, ასევე მომავლის ენერგეტიკული სტრატეგიების განსაზღვრისთვის. გარდა ამისა, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი აზერბაიჯანის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით ავიაციისა და ენერგეტიკის სექტორებში. AZAL-ისთვის ფორუმის ჩატარება მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს, საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგინოს ქვეყნის საავიაციო დიპლომატია და ენერგეტიკული დღის წესრიგი.
ფორუმის მთავარი თემა იქნება ავიაციის ინდუსტრიის დეკარბონიზაცია, მდგრადი საწვავის დანერგვა და ავიაკომპანიების როლი ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესში. ღონისძიებაზე განხილული იქნება საავიაციო საწვავის კომერციული და ტექნიკური ასპექტები, საწვავის მიწოდების ჯაჭვში არსებული გამოწვევები, წარმოდგენილი იქნება საავიაციო ინდუსტრიის მდგომარეობის შესახებ ყოვლისმომცველი ანგარიშები და სხვა მრავალი.
გარდა ამისა, AEF განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ისეთ პრიორიტეტულ სფეროებს, როგორიცაა აზერბაიჯანის მწვანე ეკონომიკის სტრატეგია, მისი სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები და ენერგეტიკული დიპლომატია.
აღსანიშნავია, რომ ფორუმში მონაწილეობას დაახლოებით 60 ქვეყნისა და 65-ზე მეტი ავიაკომპანიის წარმომადგენელი მიიღებს, სულ კი თითქმის 700 რეგისტრირებული მონაწილე იქნება.
ამგვარად, ფორუმი თავს მოუყრის IATA-ს წევრი ავიაკომპანიების წარმომადგენლებს, საწვავის შესყიდვის მენეჯერებს, მდგრადი განვითარების ექსპერტებს, IATA-ს სტრატეგიულ პარტნიორებს, ტრადიციული და ალტერნატიული საწვავის მომწოდებლებს, საწვავის მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს, ასევე საწვავის სექტორის ლიდერებს. როგორც გლობალური საავიაციო საწვავის საზოგადოების წამყვანი ინდუსტრიული ღონისძიება, AEF კონფერენცია ღიაა მხოლოდ IATA-სწევრებისთვის და საწვავის მიწოდების ინდუსტრიაში მოქმედი მისი სტრატეგიული პარტნიორებისთვის.