საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მიერ გამოქვეყნებული უახლესი პროგნოზის თანახმად, 2050 წლისთვის მსოფლიოში საჰაერო გადაყვანებზე მოთხოვნა არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით ორჯერ მეტად გაიზრდება. ორგანიზაციის მონაცემებით, საუკუნის შუა პერიოდისთვის გლობალური მგზავრთნაკადი 20,8 ტრილიონ სამგზავრო-კილომეტრს მიაღწევს, რაც მნიშვნელოვანი ნახტომია 2024 წლის 9-ტრილიონიან მაჩვენებელთან შედარებით. 2024 წლიდან 2050 წლამდე პერიოდში დარგის საშუალო წლიური ზრდის ტემპი 3,1%-ით არის განსაზღვრული.

IATA-ს გენერალური დირექტორი ვილი უოლში აღნიშნავს, რომ ავიაციის განვითარების პერსპექტივა პოზიტიურია, რადგან მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. მისი განმარტებით, საჰაერო მიმოსვლის ასეთი მასშტაბური ზრდა გლობალური ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სტიმული იქნება, რადგან სექტორის გაფართოება მთელ მსოფლიოში ახალ სამუშაო ადგილებსა და შესაძლებლობებს შექმნის.

საავიაციო ბაზრის ძირითად ზრდას განვითარებადი ქვეყნები უზრუნველყოფენ. პროგნოზის მიხედვით, დინამიკის თვალსაზრისით ლიდერები აზიისა და ოკეანეთის რეგიონი, ასევე აფრიკა იქნებიან, სადაც ზრდის მაჩვენებელი შესაბამისად 3,8% და 3,6% იქნება. რაც შეეხება ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრებს, აქ შედარებით ზომიერი ტემპებია მოსალოდნელი და ეს მაჩვენებლები 2,5%-სა და 2,8%-ს შეადგენს.