საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) გლობალური სამგზავრო ბაზრის მონაცემები გამოაქვეყნა, საიდანაც კარგად ჩანს, რომ 2024 წელს ფრენებზე რეკორდულად მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა.
მთლიანი სამგზავრო ტრაფიკი, რომელიც იზომება შემოსავლის სამგზავრო კილომეტრებში (RPK), 2024 წელს 2023 წელთან შედარებით 10.4%-ით გაიზარდა. ხოლო ზრდა 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 3.8%-ია.
გამტარუნარიანობა, გაზომილი ხელმისაწვდომი სამგზავრო კილომეტრებით (ASK), გაიზარდა 8,7%-ით, ხოლო მთლიანი დატვირთულობის კოეფიციენტმა რეკორდულ 83,5%-ს მიაღწია.
რაც შეეხება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას 2024 წელს, ტრაფიკი წინა წელთან შედარებით 13,6%-ით, ხოლო გამტარუნარიანობა 12,8%-ით გაიზარდა. გაიზარდა შიდა ტრაფიკიც, მოთხოვნა გაზრდილია 5.7%-ით და ტევადობა 2.5%-ით.
„გასულმა 2024 წელმა ნათლად აჩვენა, რომ ადამიანებს სურთ მოგზაურობა. მოგზაურობის მაჩვენებლებმა მიაღწია რეკორდულ დონეს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე“, – თქვა უილი უოლშმა, IATA-ს გენერალურმა დირექტორმა.
ის მიიჩნევს, რომ მოგზაურობაზე მოთხოვნა კვლავ გაიზრდება, თუმცა ზომიერი 8%-იანი ტემპით, რაც „უფრო შეესაბამება ისტორიულ საშუალო მაჩვენებლებს“.