საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა, ვილი უოლშმა, მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირის კანონმდებლობა, რომელიც ავიაკომპანიებს მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) სავალდებულო გამოყენებას ავალდებულებს. უოლშის თქმით, ეს პრაქტიკა „უსარგებლოა“ და გარემოსთვის რაიმე სარგებელს არ მოიტანს.

მისი განმარტებით, ამჟამად SAF-ის წარმოება, რომელიც ძირითადად მცენარეულ და ნარჩენ ზეთებზეა დაფუძნებული და გლობალური ავიახაზების საწვავის მოხმარების მხოლოდ 0.7%-ს ფარავს. გარდა ამისა, SAF-ის უმეტესი ნაწილი აზიაში იწარმოება, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში მისი ტრანსპორტირება ტრადიციული საწვავით ხდება, რაც, თავის მხრივ, ნახშირბადის კვალს ზრდის, იმ მიზნის საპირისპიროდ, რისთვისაც SAF-ის დანერგვა ხდება.

უოლშმა ასევე აღნიშნა, რომ SAF-ის მწარმოებელი საწვავის კომპანიები სარგებლობენ ამ რეგულაციებით და ტრადიციული საავიაციო საწვავის ღირებულებას ზრდიან.

„ფაქტობრივად, ევროკავშირმა მონოპოლისტ მომწოდებლებს ხელი შეუწყო ფასების გაზრდაში გარემოსთვის რაიმე სარგებლის გარეშე“, – განაცხადა IATA-ს ხელმძღვანელმა. მან ევროკავშირს მოუწოდა, გადახედოს არსებულ რეგულაციებს.

ცალკე, უოლშმა ეჭვქვეშ დააყენა პალმის ზეთისგან SAF-ის წარმოების მიზანშეწონილობა ნაერთების არასტაბილურობის გამო.

ევროკავშირის მიერ მიღებული „ReFuelEU Aviation“ პროგრამის მიხედვით, 2030 წლისთვის ავიაკომპანიები ვალდებულნი არიან საწვავის ნარევებში მინიმუმ 6% SAF გამოიყენონ. ამავდროულად, გადამზიდავებს ალტერნატიული საწვავის დანერგვისთვის სუბსიდიებიც სთავაზობენ. პროგრამის მთავარი მიზანი თვითმფრინავების ფრენების ნახშირბადის კვალის შემცირებაა.