საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) 2026 წლიდან მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას იწყებს. მისი მიზანია მგზავრებს მიაწოდოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზავნილი: საგანგებო ევაკუაციის დროს თვითმფრინავი ყოველგვარი პირადი ნივთებისა და ბარგის გარეშე უნდა დატოვოთ.
ბოლო დროს სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ ცდილობენ მგზავრები ავარიული თვითმფრინავიდან ხელბარგით გამოსვლას. IATA-ს გენერალური დირექტორი, უილი უოლში, აცხადებს, რომ ბარგის სათავსოდან ნივთების გადმოღებაზე დახარჯული წამები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ნივთის პატრონს, არამედ ბორტზე მყოფ თითოეულ ადამიანს.
საერთაშორისო სტანდარტით სრული ევაკუაცია 90 წამში უნდა დასრულდეს.
2024 წელს, ტოკიოს ჰანედას აეროპორტში, ცეცხლმოკიდებული ხომალდიდან მგზავრების გამოყვანას 18 წუთი დასჭირდა, რაც დაუშვებლად დიდი დროა.
აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) უკვე გასცა მკაცრი რეკომენდაცია, რომ ავიაკომპანიებმა მგზავრებს ეს წესი უფრო გასაგებად აუხსნან.
მიუხედავად იმისა, რომ ავიაკატასტროფები მედიაში დიდ რეზონანსს იწვევს, სტატისტიკა საპირისპიროს ამბობს:
ICAO-ს მონაცემებით, ყოველ 1 მილიარდ გადაყვანილ მგზავრზე ერთზე ნაკლები ფატალური შემთხვევა მოდის.
ჯანმოს (WHO) მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევებში ყოველწლიურად 1.3 მილიონი ადამიანი იღუპება. შესაბამისად, ავტომობილით მგზავრობა ათასჯერ უფრო სახიფათოა, ვიდრე ფრენა.
IATA-ს კვლევა, რომელიც შეისწავლის ფსიქოლოგიურ მიზეზებს, თუ რატომ რისკავენ ადამიანები სიცოცხლეს ბარგის გამო, 2026 წლის ივნისში დასრულდება. მანამდე კი გახსოვდეთ: თქვენი სიცოცხლე ნებისმიერ ნივთზე ძვირფასია.












