საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციამ (IATA), რომელიც 350 ავიაკომპანიას აერთიანებს, პილოტებისთვის საპენსიო ასაკის 65-დან 67 წლამდე გაზრდა შესთავაზა. ინიციატივის მთავარი მიზეზი საჰაერო მოგზაურობაზე მზარდი მოთხოვნის ფონზე პილოტების დეფიციტია.
IATA-ს წინადადებას მხარს უჭერს ევროპული საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო (EPAS), რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან არგუმენტს ასახელებს:
- გამოცდილი პილოტები უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფაქტორია.
- 9 ქვეყანაში, მათ შორის კანადაში, ბრაზილიაში, უკრაინასა და რუსეთში (შიდა რეისებზე), უკვე ნებადართულია 65 წელზე უფროსი ასაკის პილოტებისთვის ფრენის შესრულება.
- ჩატარებულმა კვლევებმა ასაკთან დაკავშირებული სამედიცინო რისკების ზრდა არ გამოავლინა.
ამ ინიციატივის წინააღმდეგი არიან ამერიკელი პროფკავშირები, რომლებიც საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მოქმედ სტანდარტებს იშველიებენ. ამჟამად, ICAO-ს სტანდარტები პილოტებისთვის ასაკობრივ ზღვარს 65 წლით ზღუდავს.
საბოლოო გადაწყვეტილება საკითხზე 2025 წლის სექტემბერში, მონრეალში, ICAO-ს 42-ე ასამბლეაზე იქნება მიღებული. წინადადების დამტკიცების შემთხვევაში, საერთაშორისო სტანდარტების გადახედვა დაიწყება. მნიშვნელოვანია, რომ ასაკობრივი ლიმიტის გაზრდის შემთხვევაშიც კი, ეკიპაჟს მაინც მოეთხოვება, რომ მასში იყოს მინიმუმ ერთი პილოტი, რომელიც 65 წელზე ახალგაზრდა იქნება.












