საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) მსოფლიო უსაფრთხოებისა და ოპერაციების კონფერენციაზე (WSOC) ავიაციის უსაფრთხოებისა და ოპერაციების სამი კრიტიკული პრიორიტეტი დაასახელა: გლობალური სტანდარტების დაცვა, ძლიერი უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბება ლიდერობის გზით და მონაცემების გამოყენება შესრულების გასაუმჯობესებლად.
გართულებული გარემო და ლიდერობის როლი
მარკ სიერლის, IATA-ს გლობალური დირექტორის (უსაფრთხოება), თქმით, ავიაკომპანიების საოპერაციო გარემო გართულდა კონფლიქტებისა და მარეგულირებელი ფრაგმენტაციის ზრდის გამო. ამან გამოიწვია საჰაერო სივრცის დახურვა, დრონების ინკურსიები და GNSS-ის (გლობალური სანავიგაციო სატელიტური სისტემა) შეფერხების ზრდა, რაც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას.
„იმის უზრუნველყოფა, რომ ავიაცია დარჩეს ტრანსპორტის ყველაზე უსაფრთხო რეჟიმად, მოითხოვს ძლიერ ლიდერობას, გლობალური სტანდარტების მტკიცე დაცვას და მონაცემების გონივრულ გამოყენებას,“ – აღნიშნა სიერლმა.
1. გლობალური სტანდარტების დაცვა და განვითარება
გლობალური სტანდარტებისადმი მტკიცე მიდგომა უმნიშვნელოვანესია. IATA ამ მიმართულებით სამ ძირითად საკითხს გამოყოფს:
GNSS-ის შეფერხების შემცირება: 2021-2024 წლებში GNSS-ის შეფერხების ინციდენტების რაოდენობა 200%-ზე მეტით გაიზარდა. IATA-მ EASA-სთან ერთად დაიწყო GNSS მდგრადობის გეგმა, რომელიც ფოკუსირებულია მონიტორინგზე, პრევენციის ინსტრუმენტებსა და სარეზერვო ინფრასტრუქტურაზე.
ავიაციის რადიოსპექტრის დაცვა: 5G-ის და მალე 6G-ის სწრაფი გაფართოება ზეწოლას ახდენს ავიაციისთვის გამოყოფილ რადიოსიხშირეებზე. აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში 5G-ის დანერგვამ აეროპორტებთან ახლოს შეფერხების რისკები შექმნა.
უბედური შემთხვევების დროული გამოძიება: ჩიკაგოს კონვენციის დანართ 13-ის მიხედვით, გამოძიება დროულად უნდა დასრულდეს, თუმცა 2019-2023 წლებში ავარიების მხოლოდ 58%-ზე მომზადდა საბოლოო ანგარიში. დაგვიანება აფერხებს ინდუსტრიის შესაძლებლობას, ისწავლოს უსაფრთხოების სასიცოცხლო გაკვეთილები.
2. მონაცემების გამოყენება შესრულების გასაუმჯობესებლად
მონაცემები გარდაქმნის ავიაციის უსაფრთხოებას, რაც რისკების წინასწარ განჭვრეტის საშუალებას იძლევა. გლობალური საავიაციო მონაცემთა მართვის (GADM) პროგრამის მეშვეობით, IATA ავიაკომპანიებსა და მარეგულირებლებს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს:
Turbulence Aware: IATA-ს ეს პლატფორმა რეალურ დროში აზიარებს ტურბულენტობისმონაცემებს, რაც პილოტებს საშუალებას აძლევს, შეამცირონ ფრენისას რისკები. პლატფორმაში მონაწილეობა გასულ წელს 25%-ით გაიზარდა.
უსაფრთხოების პროგნოზირებადი ანალიზი: SafetyIS მონაცემთა ბაზა, რომელიც 217 ავიაკომპანიის ფრენის მონაცემებს ეყრდნობა, საშუალებას იძლევა, მაგალითად, ადრევე გამოვლინდეს შეჯახების თავიდან აცილების გაფრთხილებების ზრდა რომელიმე აეროპორტში, რაც სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას იძლევა.
რისკზე დაფუძნებული IOSA: უსაფრთხოების აუდიტის ეს მოდელი მონაცემებს იყენებს აუდიტის თითოეული ავიაკომპანიის საოპერაციო პროფილზე მოსარგებად.
3. ძლიერი უსაფრთხოების კულტურის ხელშეწყობა ლიდერობის გზით
ძლიერი უსაფრთხოების ლიდერობა ქმნის გარემოს, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ თამამად გამოხატონ შეშფოთება და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ პრობლემები სწრაფად მოგვარდება. ამის გასაძლიერებლად IATA-მ ორი ინიციატივა შეიმუშავა:
უსაფრთხოების ლიდერობის ქარტია: ხელს უწყობს უსაფრთხოების ლიდერობის რვა ძირითად პრინციპს და მოიცავს გლობალური ტრაფიკის დაახლოებით 90%-ს.
IATA Connect: პლატფორმა, რომელიც 600-ზე მეტი ორგანიზაციის 5,600 მომხმარებელს აკავშირებს, უზრუნველყოფს წვდომას IOSA-ს დოკუმენტაციაზე და უსაფრთხოების საინფორმაციო რესურსებზე.












