საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ექსპერტებმა 8 საფეხურიანი პროგრამა შეიმუშავეს, რომელიც საშუალებას იძლევა გაიხსნას საზღვრები და “აღდგეს” ავიაცია.
აღნიშნული პროგრამა COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის, სხვადასხვა ზომების გატარებას ითვალისწინებს, როგორც ხმელეთზე ასევე ცაში.
ნავარაუდევია, რომ მის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვებიან აეროპორტები, ავიაკომპანიები და ხელისუფლებები.
8 საფეხურიანი პროგრამა ხმელეთზე COVID-19-ის გამოვლენისთვის აგრესიულ სწრაფ ტესტირებას და ასევე, რეგისტრაციის, საპასპორტო კონტროლის და ჩასხდომის პროცესის უკონტაქტო სისტემების დანერგვას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში გაწერილია ისიც, რომ უფრო ხშირად და ზედმიწევნით უნდა განხორციელდეს ტერმინალებისა და თვითმფრინავების წმენდა/დეზინფექცია და სადაც ეს შესაძლებელია მგზავრთა შორის დისტანცია გაიზარდოს.
რაც შეეხება ცას, მგზავრებმა აუცილებლად უნდა ატარონ პირბადე და თვითმფრინავის ბორტზე რაც შეიძლება ნაკლები იმოძრაონ. IATA-ს ინიციატივაა ასევე, საბორტე მომსახურების გამარტივება, რათა ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების ურთიერთობა მაქსიმალურად შემცირდეს.
IATA ინიციატივით გამოდის, რომ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები ადრევე მოიხსნას, რადგანაც 2020 წელს შეზღუდვების შედეგად ავიაკომპანიებმა 118 მლრდ დოლარის ზარალი მიიღეს.
IATA-ს ანგარიშის თანახმად, 2021 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, სანამ სიტუაცია არ გამოსწორდება, ავიაგადამზიდავები ყოველთვიურად 7 მლრდ დოლარს დაკარგავენ.
ინდუსტრიის სტიმულირების მიზნით, IATA-მ სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდა გარკვეულ საავიაციო გადასახადებზე უარი თქვან, პატარა ქალაქებს შორის ფრენები დაასუბსიდირონ და იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც დაბალი დატვირთულობის პირობებში გადაწყვეტენ ფრენების განახლებას ფინანსური დახმარება გაუწიონ.