საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) ჰონგ-კონგში, მსოფლიო მდგრადობის სიმპოზიუმზე (WSS), ავიაკომპანიებისთვის შექმნილი მდგრადობის სფეროში სერტიფიცირების ახალი პროგრამა — Integrated Sustainability Program (ISP) — წარადგინა.
ISP წარმოადგენს კომპლექსურ სასერტიფიკაციო პროგრამას, რომელიც ავიაკომპანიებს მდგრადი განვითარების მიმართულებით სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებასა და ინდიკატორების შეფასებაში ეხმარება. პროგრამა ეფუძნება IATA-ს წარმატებულ გარემოსდაცვითი შეფასების პროგრამას (IEnvA) და ითვალისწინებს ინდუსტრიის სპეციფიკას.
ISP სერტიფიცირების პროგრამა მოიცავს ტრენინგს, კონსალტინგს, აუდიტს და მეთოდოლოგიურ ინსტრუმენტებს ოთხი ძირითადი მოდულის ფარგლებში. სერტიფიკატის მიღება შესაძლებელია როგორც ცალკეული მოდულებით, ისე ერთიანი პროგრამის ფარგლებში. დამოუკიდებელი შეფასება ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
- გარემოსდაცვითი მართვა: სრულად ინტეგრირებულია პროგრამა IEnvA. ეფუძნება ISO 14001:2015 პრინციპებს, რომლებიც სისტემურად აფასებს კომპანიის ეკოლოგიურ კვალს, ემისიებს, ნარჩენებს, წყალმოხმარებას, ხმაურს და სხვ.
- მდგრადი შესყიდვები: ავიაციაში პირველად, IATA ნერგავს მდგრადი შესყიდვების სტანდარტებს, რომლებიც ეფუძნება ISO 20400:2017-ს. ეს საშუალებას აძლევს ავიაკომპანიებს, შეაფასონ და გააუმჯობესონ მიწოდების ჯაჭვის მდგრადობა, ეკოლოგიური, სოციალური და მართვის ფაქტორების გათვალისწინებით.
- სოციალური პასუხისმგებლობა: მოდული აერთიანებს ISO 26000:2010-ის პრინციპებს, გაეროსა და OECD-ის მითითებებს, რაც ქმნის სასერტიფიკაციო სისტემას სოციალური რისკების ანალიზისთვის (მაგ., მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ადამიანის უფლებების შემოწმების პროცედურები, საზოგადოებასთან ურთიერთობა).
- მდგრადობის შეფასება (ESG): ეს მოდული ავიაკომპანიებს ეხმარება ეკოლოგიის, სოციალური პასუხისმგებლობისა და კორპორაციული მართვის (ESG) მაჩვენებლების გაზომვასა და მონიტორინგში. ISP-ის დაცვა ხელს უწყობს უფრო გამჭვირვალე ანგარიშგებას ინვესტორებისა და რეგულატორებისთვის.
WSS სიმპოზიუმზე გამოცხადდა, რომ Air New Zealand და EVA Air გახდნენ პირველი ავიაკომპანიები, რომლებმაც ISP-ის პროგრამით მდგრადი შესყიდვების სერტიფიკაცია მოიპოვეს.
Air New Zealand-ის მდგრადობის დირექტორმა, კირი ჰანიფინმა, აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა მათ საშუალებას აძლევს, გააერთიანონ მთელი მიმწოდებლების ქსელის პოტენციალი უკეთესი გადაწყვეტილებების შესაქმნელად.
IATA გეგმავს ISP პროგრამის თანდათანობით გაფართოებას. ამჟამად ის მხოლოდ ავიაკომპანიებისთვის არის ხელმისაწვდომი, მაგრამ მომავალში ადაპტირებული იქნება ავიაციის სხვა მონაწილეებისთვის, მათ შორის აეროპორტების, სახმელეთო მომსახურების ოპერატორებისა და ტვირთების გადამზიდავი კომპანიებისთვის.












