საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA)თავისი კლირინგული პალატის მეშვეობით ავიაკომპანიებისა და ავიატექნიკის მომწოდებლებისთვის ანგარიშსწორების ხელმისაწვდომ ვალუტებს იუანს დაამატებს. როგორც South China Morning Post იტყობინება, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ჩინეთისთვის, რათა ხელი შეუწყოს ეროვნული ვალუტის ინტერნაციონალიზაციას.

იუანში ანგარიშსწორება ხელმისაწვდომი გახდება მომდევნო თვიდან, საცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ. სისტემა ამ თვეში პირველად ჩინურმა ავიამზიდებმა — China Southern Airlines-მა და Xiamen Airlines-მა — გამოსცადეს.

ამ დროისთვის IATA-ს კლირინგული პლატფორმა მომხმარებლებს შვიდ ვალუტას სთავაზობს: აშშ დოლარს, ევროს, ბრიტანულ ფუნტ სტერლინგს, შვეიცარიულ ფრანკს, სინგაპურულ დოლარს, ავსტრალიურ დოლარს და იენას.

პლატფორმა 581 ავიაკომპანიას ემსახურება (მათ შორის 33 ჩინურსა და ჩინეთში მოქმედ უცხოურ კომპანიას) და გასულ წელს 63.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ტრანზაქციები დაამუშავა.

Air China-ს ფინანსურმა დირექტორმა, სუნ იუიციუანმა, IATA-ს გადაწყვეტილება „ჩინეთის საჰაერო ტრანსპორტის ინდუსტრიისთვის პოზიტიურ მოვლენად“ შეაფასა. მისი თქმით, იუანის შემოღება ხელს შეუწყობს:

  • ძვირადღირებული და მრავალჯერადი კონვერტაციის თავიდან აცილებას.
  • ანგარიშსწორების დაჩქარებას.
  • სავალუტო რისკების შემცირებას.

საერთაშორისო ექსპერტების აზრით, ეს ნაბიჯი პეკინის მიერ აშშ-ის ფინანსური სანქციებისრისკებისა და დოლარზე დაფუძნებულ სისტემაში არსებული ტურბულენტობისგან თავის დაზღვევის მცდელობაა. IATA-ს გადაწყვეტილება კი ჩინეთის გლობალური ინტერესების წინ წამოწევის შესაძლებლობის გამოვლინებაა.