იაპონიის სახელმწიფო მიწების, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სამინისტრომ ავიაკომპანიებს მოუწოდა, რომ დეკემბრის ბოლომდე საერთაშორისო ფრენებზე ახალი ჯავშნების მიღება შეაჩერონ, რაც თავის მხრივ  COVID-19-ის ახალი შტამის ომიკრონის გავრცელების საფრთხეს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ უწყების მიმართვა იაპონიის მოქალაქეების ჯავშნებზე ვრცელდება. ამასთან, ტრანსპორტის სამინისტრო არ აპირებს ავიაკომპანიისთვის უკვე გაკეთებული ჯავშნების გაუქმება მოითხოვოს.

ამ დროისთვის იაპონიაში ომიკრონის შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა.

როგორც ცნობილია, მსოფლიოში ომიკრონის შტამის გავრცელების გამო, 30 ნოემბრიდან იაპონიამ გააუქმა საზღვრის კვეთის შეღავათები უცხოელი ბიზნესმენებისთვის და სტუდენტებისათვის და ასევე, მთლიანად შეაჩერა ახალი ვიზების გაცემა ყველა ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ასეთი ზომები ძალაში იქნება ერთი თვის განმავლობაში, სანამ ექსპერტები არ გააკეთებენ დასკვნებს ახალი შტამის საშიშროების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლება იაპონიაში შესვლის შეზღუდვებს გაახანგრძლივებს.

ამჟამად ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ მხოლოდ იაპონელებს, მუდმივი რეზიდენტობის მქონე პირებს, უცხოელებს გრძელვადიანი ვიზებით და დიპლომატებს. ასევე, შესვლა შეიძლება დაუშვან იაპონიაში მცხოვრები უცხოელების ნათესავებისთვის „გამონაკლის შემთხვევებში“, მაგალითად, ოჯახური მიზეზების გამო.