იაპონიის სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში ახალი ტენდენცია გაჩნდა: ტურისტები სასტუმროებს სტუმრების მომსახურებაში უფასო განსახლების სანაცვლოდ ეხმარებიან. და ეს პრაქტიკა საკმაოდ პოპულარული ხდება, რადგან სასტუმროები სამუშაო ადგილების სერიოზულ დეფიციტს განიცდიან და რადგანაც სასტუმრო სექტორი პანდემიის შემდეგ სრულყოფილად ჯერ არ აღმდგარა.
სერვისი სახელად Otetsutabi აკავშირებს ტურისტებს სასტუმროების მფლობელებთან. ამ პლატფორმაზე ამ დროისათვის უკვე დარეგისტრირებულია 528 სასტუმრო და მათი რიცხვი იზრდება. დეველოპერები აცხადებენ, რომ ინიციატივა სარგებელს მოუტანს როგორც საცხოვრებელ სახლებს, რომლებსაც პერსონალის ნაკლებობა აქვთ, ასევე მოგზაურებს მცირე ბიუჯეტით.
მომსახურების სერვისი განსაკუთრებით მოთხოვნადია ზაფხულის სეზონზე, როცა მომსახურე მუშაკებზე მოთხოვნა დიდია.
Teikoku Databank-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გასული შემოდგომის შემდეგ სასტუმროებისა და ტრადიციული იაპონური სასტუმროების (ryokan) პროპორცია, რომელთაც პერსონალის დეფიციტი აქვთ საგრძნობლად გაიზარდა. ამჟამად ის 70-80%-მდეა შეფასებული. მოგზაურობის მოთხოვნის აღდგენის მიუხედავად, პერსონალის ნაწილმა, რომლებმაც „დატოვეს“ ინდუსტრია პანდემიის დროს, სამუშაო სხვაგან იპოვეს და უკან აღარ დაბრუნდნენ.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მოკლევადიანი დასაქმება სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში შეიძლება აინაზღაუროს მოთხოვნის რყევები მაღალ და დაბალ სეზონებს შორის. ასევე, კადრების დეფიციტის პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება იყოს ზოგიერთი სერვისის დიგიტალიზაცია და არსებული თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდა.