2023 წლის იანვარში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 2,26%-ით გაიზარდა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2023 წლის იანვარში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1 286,577 ტონა შეადგინა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 258,150 ტონა. შესაბამისად ზრდა 2,26%-ია.
2023 წლის იანვრის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის იანვარში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 14,23%-ია. 2019 წელს იანვარში აეროპორტი 1 500 ტონა ტვირთს მოემსახურა.
2020 წლის იანვარში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 1 131,749 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის იანვარში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 13,68%-იანი მატება დაფიქსირდა. რაც შეეხება 2023 იანვრის მაჩვენებლების შედარებას 2021 იანვრის მაჩვენებლებთან ზრდა 7,58%-ია. 2021 წელს იანვარში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 1 195,894 ტონა ტვირთი გაატარა.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.